საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ნაწილის მიერ გარკვეული სამაუწყებლო არხების გათიშვის შესახებ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ საკუთარი პოზიცია დაინტერესებულ პირებს წერილობით უკვე აცნობა. საკითხის მიმართ საზოგადოების ფართო წრის ინტერესიდან გამომდინარე, კომისია წერილს ასაჯაროებს.
„დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის თაობაზე“ კომისიის 2006 წლის N17 დადგენილების 109 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი, საკუთარი ინიციატივით მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტამდე, ვალდებულია უზრუნველყოს ინდივიდუალური შეტყობინებით მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის მიწოდება, მომსახურების შეწყვეტამდე 10 სამუშაო დღით ადრე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროებში ლიცენზირებული და ავტორიზებული პირების მიერ მოქმედი კანონმდებლობის დაცვას ზედამხედველობს და კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებას ახორციელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.