საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საჯარო სხდომა გაიმართა, სადაც კომისიამ „ენერგო პრო ჯორჯიასა“ და „თელასის“ 5-წლიანი გეგმების შესახებ იმსჯელა. გეგმები ითვალისწინებს გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის გამართულ მუშაობას, მიწოდების საიმედოობასა და უწყვეტობას, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას, ავარიული გათიშვების მინიმუმამდე შემცირებას.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, კომპანიების მიერ 5-წლიანი სამოქმედო გეგმების წარმოდგენა ახალი პრაქტიკაა და ქვეყნის უსაფრთხო ენერგომომარაგებას ემსახურება.
5-წლიანი სამოქმედო გეგმების განხილვისას, „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში არსებული და სამომავლო (საპროგნოზო) მოთხოვნის გატარების, მიწოდებისა და დანაკარგების, გამანაწილებელ ქსელზე გენერაციის ახალი წყაროების მიერთების, კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, მომსახურების ხარისხის, აგრეთვე რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციისა და ელექტროენერგიის დანაკარგების საპროგნოზო სიდიდეების შესახებ. რიგ საკითხებზე კომისიის შენიშვნების გასათვალისწინებლად კომპანიებს ერთთვიანი ვადა მიეცათ.