თებერვალში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ახლანდელ ხელმძღვანელს ჯანეტ იელენს ამ პოსტზე ყოფნის ვადა ამოეწურება.
ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის შემცვლელზე უკვე ფიქრობს. პრეზიდნტი რამდენიმე კანდიდატს განიხილავს, რომელთა შორის, თავად იელენიც მოიაზრება.
ამ ეტაპზე უპირატესობა სტენფორდის ეკონომისტ ჯონ ტეილორს ენიჭება, რომელიც აღიარებულია, როგორც წესების შესაბამისი მონეტარული პოლიტიკის მომხრე ბანკირი. მიმომხილველები თვლიან, რომ ტეილორი იელენზე მეტად „ქორი“ ხელმძღვანელი იქნება და მისი ხელმძღვანელობით, ფედი უფრო გაბედულად დაიწყებს დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევას.
ამ ინფორმაციის გავრცელებამ, დოლარის ინდექსზე დადებითად იმოქმედა. ამერიკული ვალუტის კურსმა, ბოლო ერთი კვირის მაქსიმუმს (93.527) მიაღწია. უფრო მეტიც, სახელმწიფო სახაზინო 2-წლიან ვალდებულებათა მომგებიანობამ ბოლო 9 წლის უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ტეილორის არჩევის შემთხვევაში, ფედი დოლარზე საპროცენტო განაკვეთს 3-5-პროცენტიან ზონაში გაცილებით სწრაფად აიყვანს, ვიდრე ამას იელენი გააკეთებდა. თუმცა ამ ეტაპზე, ტრამპის სიაში სხვა კანდიდატებიც განიხილებიან. მათ შორისაა ფედის გუბერნატორი ჯერომ პაუელი, ტრამპის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გერი კონი, ასევე ფედის ყოფილი გუბერნატორი კევინ უორში.
დოლარის გამყარების პარალელურად, პოზიციების დათმობა დაიწყო ევრომ, რომლის კურსიც ამერიკულ დოლართან მიმრთებაში, 1.1755-მდე შემცირდა. გასულ თვეში ევროს კურსმა ბოლო ორწელიწადნახევრის მაქსიმუმს მიაღწია, რასაც ხელი იმ გარემოებამ შეუწყო, რომ ინვესტორები ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ეკონომიკის სტიმულირების შეწყვეტას ელოდნენ. თუმცა ამ მიმართულებით, ბანკი ბოლო დროს ნაკლებად ქორულ განწყობას ავლენს, რაც ევროს კურსზე უარყოფითად აისახება.
სხვა წამყვან ვალუტებთან მიმართებაში, ამერიკული ვალუტა მეტნაკლებად სტაბილური და მყარია. მაგალითად, იენთან 0.3 პროცენტით გამყარდა და ახლა 112.16 იენის ფარგლებში ღირს. დოლარი უფრო სტაბილურია ბრიტანულ სტერლინგთან წყვილში, რომელიც ამ დილით 1.3261 დოლარი ღირდა.