საქართველო ისრაელთან შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს არალეგალური მიგრაციის სტატისტიკის გაუმჯობესებამდე ვერ იწყებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კონსულმა ისრაელში ალექსანდრე ჯიშკარიანმა განუცხადა, ისრაელს აქვს შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულებები მოლდოვასთან, უკრაინასთან, ჩინეთთან და ქართულ მხარეს აქვს სურვილი, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს.
„რომ დავიწყოთ მუშაობა, ამისთვის საჭიროა, არალეგალური მიგრაციის კუთხით არსებული მდგომარეობა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებს, ანუ უარის თქმის მაჩვენებელი საზღვარზე იყოს დაბალი და ასევე, უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მოქალაქეების მიერ დარღვევების რაოდენობა იყოს მცირე. იმისთვის, რომ დავიწყოთ შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობა, განისაზღვროს ის სფეროები, სადაც ისრაელს აქვს მუშახელის ნაკლებობა და შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეების მიერ ამ კვოტების ათვისება, ჯერ არსებული მდგომარეობა უნდა დასტაბილურდეს. ჯერჯერობით არსებული მდგომარეობა ამის საფუძველს არ იძლევა, თუმცა თქვენ იცით, მიმდინარეობს მუშაობა - უკვე სამი თვეა მოქმედებს და 30 ოქტომბრამდე ძალაშია სპეციალური ერთობლივი ინიციატივა, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ნებაყოფლობით, ღირსეულად, ყოველგვარი დაკავებისა და სადეპორტაციო ცენტრებში დროის დაყოვნების გარეშე დაბრუნდეს საქართველოში. რაც მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივით ვინც დაბრუნდება, მათ ნაცვლად ათი წლისა, ისრაელში ხელმეორედ შესვლაზე მხოლოდ ერთწლიანი შეზღუდვა დაუწესდებათ“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.
რაც შეეხება სტატისტიკას, კონსულის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან, რაც ისრაელმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა, მინიმუმამდეა დასული თავშესაფრის თხოვნით შესული განაცხადების რაოდენობა. თუმცა მანამდე თავშესაფარი 1300-მდე მოქალაქემ მოითხოვა.
ალექსანდრე ჯიშკარიანის ინფორმაციით, შედარებით გაუმჯობესებული მდგომარეობაა, საზღვრის კვეთის კუთხითაც. კერძოდ, მიმდინარე წლის ზაფხულის სტატისტიკით, 7 თვის განმავლობაში ისრაელის საზღვარი საქართველოს 9 700-მა მოქალაქემ გადაკვეთა, აქედან 9 000 დაბრუნდა უკან; 1 000-ზე მეტ მოქალაქეს კი ისრაელში შესვლაზე უარი ეთქვა.
„ეს არ ნიშნავს, რომ 700 ადამიანი ავტომატურად არალეგალურად დარჩა ისრაელში, უბრალოდ ზოგს გარკვეული პერიოდი აქვს ქვეყანაში ყოფნის უფლება. პირიქით, ისრაელში შემომსვლელთა და გასულთა მაჩვენებელი ახლოს არის ერთმანეთთან და ეს მონაცემი დაბალანსებულია“, - განმარტა ჯიშკარიანმა.
კონსულის ინფორმაციით, დღესდღეობით ისრაელის ტერიტორიაზე არალეგალურად საქართველოს 5 000-დან 6 000-მდე მოქალაქე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მაისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი და საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ისრაელთან შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება სურს.