როცა 12 მილიონი ლარიდან 11 მილიონს „ქართული ოცნება“ მიიღებს შემოწირულობის სახით, რომელ სამართლიან არჩევნებზეა საუბარი.
ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე აზრით, „ქართულ ოცნებას“ სულ მცირე 100 მილიონი ლარი აქვს დახაჯული არალეგალურად.
"აქედან ნაწილი სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული ფავორიტი კომპანიების შავი ფულია, ნაწილი - ბიზნესისათვის დაშინებით ხარკად შეწერილი ხარკი", - განაცხადა გოცირიძემ.
გარდა ამისა, ოპიზიციონერი დეპუტატის თქმით, "ის მწირი თანხები, რაც აუდიტის სამსახურის მიერ არის ნაჩვენები „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის საწარმოებლად, პარტიის ერთგული შემომწირველების თანხებია, ხოლო დანარჩენი არის პარტიის ქონების გაყიდვის გზით მიღებული შემოსავალი".
"გავყიდეთ მანქანები, ბათუმის ძალიან კარგი ოფისი, რუსთავის ოფისი. იყიდება სხვა ოფისებიც, მათ შორის პარტიის მთავარი ოფისი აეროპრტის გზაზე. ხელისუფლებას დატერორებული ჰყავს ბიზნესი და სჯის ოპოზიციას კანონიერად დაფინანსების შემთხვევაში. არჩევნები არასამართლიანია უკვე წინასაარჩევნო ეტაპზე. ეს ეხება არა მხოლოდ ფინანსურ უთანასწორობას, არამედ ადმინისტრაციული და მედიარესურსების გამოყენებას, ქუჩის კრიმინალური ელემენტების ჩართვას ამომრჩევლების დასაშინებლად," - აღნიშნა გოცირიძემ.