დღეს ბიზნესზე ხორციელდება ზეწოლა რათა მათ დააფინანსონ სახელისუფლებო პარტია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს პარტიების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში მიღებული დაფინანსების შეფასებისას განუცხადა.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი გარემო პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების თვალსაზრისითაც.
"დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რეალურად არც ერთ ბიზნესს არ აქვს თავისუფლება, რომ პოლიტიკური საქმიანობისთვის შეწირულობა გასცეს მისი შეხედულებიდან გამომდინარე. ჩვენ ვიცით, რომ რეალურად მათზე ხორციელდება წნეხი, იმისთვის, რომ მათ დააფინანსონ სწორედ სახელისუფლებო პარტია და სამწუხაროდ, ეს, რა თქმა უნდა, სრულიად არათანაბარ ვითარებაში აყენებს ოპოზიციურ პარტიებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის მოცემულობა რაც დღეს არსებობს დაფინანსებასთან დაკავშირებით, სწორედ ამის ნათელი დასტურია, რომ ქვეყანაში დღეს არ არსებობს თავისუფალი გარემო, მათ შორის არ არსებობს თავისუფალი გარემო პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების თვალსაზრისით", - განაცხადა სამადაშვილმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბერის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ - 931,083.95 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 108,149.21 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა“ - 63,142.00 ლარი, „ახალმა საქართველომ“ - 35,100.00 ლარი, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ - 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ - 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა - 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ - 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში - 92,168.00 ლარი.