დეპუტატ გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, "ევროპულ საქართველოს" თანხა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა შესწირა, დეპუტატებმა კი მნიშვნელოვანი სესხიც აიღეს.
"საქმე გვაქვს კოლოსალურ დისბალანსთან, როცა 90%-ზე მეტი ყველა შემოწირულობისა მიემართება ერთი პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე. არაერთი კვლევაა, რომელიც აჩვენებს, რომ ხშირად რამდენიმე დღის შექმნილი კომპანიები, რომლებიც უტენდეროდ იღებენ კონტრაქტებს, შემდეგ ახდენენ შემოწირულობებს "ქართული ოცნების" მისამართით და ეს არის კორუფცია", - განაცხადა კანდელაკმა.
რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს", გიორგი კანდელაკის თქმით, პარტიას დაახლოებით 13 000 წევრი ჰყავს და რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გაიღო შემოწირულობა.
"ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. მოტივირებული წევრები გვყავს, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გაიღო შემოწირულობა, ზოგმა - 500, ზოგმა 1 000 ლარი, პარლამენტის რამდენიმე წევრმა მნიშვნელოვანი სესხიც აიღო, რადგან ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" კატაკლიზმების გარეშე ჩამოშორების გზაზე", - განაცხადა კანდელაკმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბერის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ - 931,083.95 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 108,149.21 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა“ - 63,142.00 ლარი, „ახალმა საქართველომ“ - 35,100.00 ლარი, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ - 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ - 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა - 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ - 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში - 92,168.00 ლარი.