საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით საქართველომ წელიწადში 66 მილიონი ლარი იზარალა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 221 კილომეტრია, ხოლო წლის განმავლობაში გატარებული ტრანზიტული გაზის მოცულობა შეადგენს 2 მლრდ კუბურ მეტრს.
„საქართველოს, ტრანზიტის საფასურად, ნატურის სახით რჩებოდა 200 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რომლის ღირებულება უდრის დაახლოებით 40 მილიონ დოლარს (100 მილიონი ლარი). ტრანზიტის საფასური ახალი ხელშეკრულებით არის 3 დოლარი ყოველ 100 კილომეტრზე გატარებულ 1 000 მ3 გაზზე. შესაბამისად, საქართველო ახალი ხელშეკრულებით „გაზპრომისგან“ მიიღებს 13.3 მილიონ დოლარს (33.25 მილიონი ლარი).
ნატურით ანაზღაურების ნაცვლად ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლის გამო, ქვეყნისთვის წელიწადში მიყენებული ზარალი შეადგენს 26.7 მილიონ დოლარს (66.75 მილიონ ლარს)“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.