დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ კახეთის რეგიონში 125 000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა და მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა “რთველი 2017“ “ძალიან წარმატებულად” შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის თითოეული მევენახის, თითოეული გლეხის, მთლიანად საქართველოს და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმატება.
მისივე განცხადებით, რთველის პროცესში ჩართული იყო 230 კომპანია. კომპანიებს ყურძენი 15 000-მდე მევენახემ ჩააბარა.
„მთელი ეს პროცესი იყო ძალიან ორგანიზებული. მევენახეები და მეწარმეები ფასზე შეთანხმდნენ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად და ფასი განისაზღვრა ადგილწარმოშობის, ხარისხის და სხვა ფაქტორების მოთხოვნაზე დაფუძნებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფომ სწორად ჩაატარა პროცესი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა.
„დავიწყეთ ჩვენ ხვნისა და თესვის პროგრამა, შემდეგ გადავედით შეღავათიან აგროკრედიტებზე, აგროდაზღვევაზე, ასევე ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ამ ყველაფერმა გამოიღო ის შედეგი, რომ დღეს უკვე ჯანსაღი სისტემაა შექმნილი, რომელიც ძალიან წარმატებით მუშაობს, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა რთველის საკოორდინაციო შტაბს და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს რთველის ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.