დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ ამდენი ღვინო არ გაგვიყიდია არც თანხაში, არც რაოდენობაში.
ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „რთველი 2017“-ის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ჩვენი მოლოდინით, საქართველოდან ექსპორტი 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, „რთველი 2017“ უპრეცედენტოდ წარმატებით დასრულდა.
„ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ წელს სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა იყო მინიმალური. ფაქტობრივად, სახელმწიფოს არ მოუწია ჭარბი ყურძნის შეძენა, რადგან ამის საჭიროება არ იყო. კერძო სექტორმა მთლიანად მოახდინა ყურძნის დაბინავება და ეს მოხდა ყოველგვარი შეფერხების გარეშე“, - განაცხადა დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა იყო საკმაოდ მაღალი, 123 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა და მევენახეებმა 150 მილიონ ლარამდე თანხა მიიღო.
ლევან დავითაშვილის თქმით, კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა გაჯანსაღებულია და კერძო სექტორი არის გაძლიერებული, რასაც წინ უძღვოდა რამდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამები.
„ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივიღეთ გადაიარაღებული საწარმოები, უამრავი ახალი საწარმო, მოდერნიზებული კომპანიები, რომლებიც წარმატებულები არიან საერთაშორისო ბაზრებზე და ის მარკეტინგული ღონისძიებები, რომლებიც ქართული ღვინის ცნობადობას უკავშირდება - ეს ყველაფერი აისახება გაზრდილ მოთხოვნაზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, საბრენდე ინდუსტრია საკმაოდ გაძლირებებულია, საქართველოში ღვინის სექტორის პარალელურად ქართული ბრენდის წარმოება დღითიდღე უფრო ძლირდება, მისი რეპუტაცია და ხარისხი იზრდება.
„თვისობრივად განახლებულია ქართული ღვინის დარგი. ასეთი სიძლიერე და ასეთი მდგრადობა ამ დარგს არ ჰქონია გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ. ჩვენ უკვე საერთაშორისო დონეზე აღიარებულები ვართ, რასაც ადასტურებს ბევრი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ქართული ღვინო წარმატებით წარმოჩინდა. ის გამოფენა, რომელიც ბორდოში იყო, სიმბოლური დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო გამორჩეული ღვინის კულტურის ქვეყანაა. აშშ ჩვენი ახალი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად მისასალმებელი, სასიხარულო ფაქტი, რომ მთავრობის თანმიმდევრულმა პოლიტიკამ, რომელიც კერძო სექტორთან იყო შეჯერებული, ხელი-ხელჩაჭიდებულებმა მივაღწიეთ იმას, რომ ქართული ღვინის სექტორი აგროსასურსათო მიმართულებაში განსაკუთრებით გამორჩეული და წარმატებულია. წელს საექსპორტო მონაცემები რეკორდული გვექნება. დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ ამდენი ღვინო არ გაგვიყიდია არც თანხაში, არც რაოდენობაში. ჩვენი მოლოდინით 70 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს საქართველოდან ექსპორტი“, - განაცხადა დავითაშვილმა.