ქართულ-ამერიკულმა ბიზნესსაბჭომ აშშ-ს სავაჭრო და საინვესტიციო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის და უცხოური საინვესტიციო კორპორაციების დაახლოებით 30 წარმომადგენელი ესწრებოდა.
როგორც იან კელიმ განაცხადა, საინვესტიციო მისია გულისხმობს ზოგადად დახმარების პროგრამას საქართველოსთვის.
„ამ სავაჭრო მისიაში წარმოდგენილია 12 მსხვილი კომპანია, რომელიც შეისწავლის ინვესტიციის შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით. ზოგადად, სპექტრი ამ კომპანიებისა და სამუშაო არეალი არის საკმაოდ მრავალფეროვანი და სწორედ ამიტომ, საქართველოს პოტენციალი არის საინტერესო ამ კომპანიებისთვის. სავაჭრო მისია არის ნაწილი ჩვენი მცდელობის და ძალისხმევის, რომ მოხდეს ზოგადად, ინფორმაციის გავრცელება, ცნობიერების ამაღლება საქართველოს ბაზრის მიმართ თუ როგორი კარგი საინვესტიციო გარემოა საქართველოში და როგორი მარტივია ბიზნესის კეთება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ამ მიმართულებებით, საკმაოდ მაღალი რეიტინგები აქვს. ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოხდეს ანალოგიური ქართული მისიის გამგზავრება ამერიკაში“, - განაცხადა იან კელიმ.
გიორგი გახარიას თქმით, ამერიკული კომპანიები ყველაზე მეტად დაინტერესებული არიან ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურული პროექტების, რკინიგზის მიმართულებით და სამომხმარებლო ბაზრით.
„რა თქმა უნდა, ყველა სახის შეხვედრა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ბიზნესის და ეკონომიკის წარმომადგენლებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს სანიმუშო პოლიტიკური ურთიერთობები და დღეს უკვე დროა, უფრო მეტად ვიფიქროთ ეკონომიკურ ნაწილზე, განსაკუთრებით ვაჭრობაზე. ეს არის ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯები. ვგეგმავთ, რომ ასეთი შეხვედრები გახდეს უფრო ინტენსიური და იმედი გვაქვს, რომ განსაკუთრებით სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დღითი დღე, წლიდან წლამდე გაიზრდება. ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
აშშ-ს სავაჭრო მისია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით იმართება.
აშშ-ს სავაჭრო მისიის ფარგლებში სამშენებლო, ლოგისტიკის, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე კომპანიები 100-ზე მეტ ბიზნესშეხვედრას გამართავენ საქართველოში ვაჭრობის გაძლიერებისა და სამომავლო ინვესტირების მიზნით.
ამერიკის სავაჭრო მისიაში მონაწილე კომპანიებს შორის არიან: Acrow Bridge, Baron Weather, Bechtel, Budget, Coca-Cola, Lockheed Martin, Miyamoto International, MWH, Nova Power, Obie Technologies, The Greenbrier and VISA.