საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო მისიას საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა გააცნო.
ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო მისია საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს სწავლობს.
„მისია 26 კომპანიას, მათ შორის 12 მსხვილ კორპორაციას და ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს აერთიანებს.
პრემიერ-მინისტრმა დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის - აშშ-ის სავაჭრო მისიის მასპინძლობა საქართველოსთვის დიდი პატივია.
მთავრობის მეთაური აშშ-ის სავაჭრო მისიის წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა ქვეყანაში დაგეგმილი პროექტების, პოტენციური საინვესტიციო მიმართულებებისა და საქართველოს მიღწევების, მათ შორის, საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციების შესახებ.
კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსა და სფეროებზე მსჯელობას ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები თემატურ შეხვედრებზე განაგრძობენ. მისიის შემადგენლობაში მყოფი კომპანიები, ძირითადად, სამშენებლო, ლოგისტიკის, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიების სექტორში საქმიანობენ.
აშშ-ის სავაჭრო მისია საქართველოში ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით იმყოფება. მისიის შემადგენლობაში არიან კომპანიები - Acrow Bridge, Baron Weather, Bechtel, Budget, Coca-Cola, Lockheed Martin, Miyamoto International, MWH, Nova Power, Obie Technologies, The Greenbrier, და VISA.
შეხვედრაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.