რამდენია საქართველოს სავალუტო რეზერვები?

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ 2013 წლის შემდეგ საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა აღარ გაზრდილა. ამას ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც ადასტურებს: 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა 2.821 მილიარდი დოლარია, 4 წლის წინ - 2013 წლის ოქტომბერში კი, ეს მაჩვენებელი 2,887 მილიარდი დოლარი იყო.

2014 წელს ეროვნულმა ბანკმა 300 მილიონი დოლარი გაყიდა და 200 მილიონი შეისყიდა. 2015-ში - 286 მილიონი დოლარი გაყიდა, ამ წელს ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო ეროვნულ ბანკს რეზერვები აღარ შეუსყიდია. 2016 წელს კი სებ-მა სავალუტო აუქციონზე 280 მილიონი დოლარი გაყიდა და 278 მილიონი შეისყიდა. 2017 წელს სებ-ს რეზერვები აღარ გაუყიდია და მხოლოდ 129.7 მილიონი დოლარი შეისყიდა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2014-2016 წლებში საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა კიდევ უფრო მცირე იყო: 2014 წლის დეკემბერში - 2,49 მილიარდი დოლარი, 2015 წლის დეკემბერში - 2,32 მილიარდი დოლარი, ხოლო 2016 წლის დეკემბერში - 2,56 მილიარდი დოლარი.

რატომ ვერ გასცდა საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 2013 წლის მაჩვენებელს? - ამის თაობაზე პროფესორ მიხეილ თოქმაჯიშვილს ვესაუბრეთ:

მიხეილ თოქმაჯიშვილი - სავალუტო რეზერვებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამიტომ როცა ეროვნული ბანკი ხედავს, რომ მისი მოცულობა საგრძნობლად შემცირდა, შესაბამის ინტერვენციას ახორციელებს. ბოლო წლებში ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის გამო სებ-ი იძულებული იყო სავალუტო რეზერვები სისტემატურად გაეყიდა, რაც ამ მნიშვნელოვან მაჩვენებელზე თავისთავად აისახა. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდულობდა კიდეც, მაგრამ შედარებით მცირე რაოდენობით - ისე, რომ ყიდვა-გაყიდვის მაჩვენებელი ერთმანეთს ვერ აბალანსებდა, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც დღეს დაახლოებით იგივე რეზერვები გვაქვს, რაც 2013 წლის შემოდგომაზე გვქონდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2014-2016 წლებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირებული იყო. ეს წლები ჩვენი ეკონომიკისთვის საკმაოდ რთული იყო, ამიტომ 2013 წლის მაჩვენებელი რომ შევინარჩუნეთ, ესეც მიღწევაა. ყოველ შემთხვევაში, იმის საშიშროება, რომ სავალუტო რეზერვების ახლანდელი დონე რაიმე საგანგაშო გავლენას მოახდენს ჩვენს ეკონომიკაზე, არ არსებობს.

მიხეილ თოქმაჯიშვილის თქმით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების რყევა სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.

"როდესაც შედარებით კარგი პერიოდია, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვას იწყებს და როცა ეკონომიკას უჭირს, ის სხვადასხვა სახის ინტერვენციას მიმართავს - ზოგჯერ წერტილოვანს, ზოგჯერ კი - უწყვეტს, იმის მიხედვით, თუ როგორია ეკონომიკის მოთხოვნა. ის გლობალური შოკი, რომელიც საქართველომ დოლარის გამყარებით მიიღო, სავალუტო რეზერვებზეც აისახა. პრობლემა სავალუტო რეზერვების რაოდენობა კი არ არის, არამედ ის, რომ 2013 წლის შემდეგ ვითარება ვერ გაუმჯობესდა და ჩვენი ეკონომიკა უფრო სტაბილური ვერ გახდა - ეს ყველა პრობლემის თავი და თავია", - აღნიშნავს მიხეილ თოქმაჯიშვილი.

ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში სებ-ის პოლიტიკა სავსებით მისაღებია:

ირაკლი მაკალათია - ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, სებ-ი იძულებულია რაც შეიძლება ნაკლები დოლარი შეისყიდოს. 2017 წელს ეროვნულმა ბანკმა მორიგი ინტერვენცია განახორციელა და 129 მილიონი დოლარი შეისყიდა, რამაც ლარის კურსზე ძალზე ცუდად იმოქმედა. სწორედ ამიტომ ცდილობს ქვეყნის ცენტრალური ბანკი რაც შეიძლება ნაკლები დოლარი შეისყიდოს. მართალია, ჩვენი სავალუტო რეზერვები არ იზრდება და ამ მხრივ დაბალი მაჩვენებლები გვაქვს, მაგრამ სებ-მა ეს პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს, რომ ლარი კიდევ უფრო არ გაუფასურდეს.

ირაკლი მაკალათიას შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ისეთი დაბალი მაჩვენებლები აქვს, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციებს მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი აქვს.

"სებ-ი ცდილობს ამ ერთჯერადი აქციებით დადებითი ეფექტი მოახდინოს და რაც უფრო მეტ დოლარს უშვებს ბაზარზე, ეს სავალუტო რეზერვების რაოდენობას კიდევ უფრო ამცირებს. ლარის დევალვაცია ამუხრუჭებს ეროვნულ ბანკს, რომ მეტი დოლარი შეისყიდოს და სავალუტო რეზერვები გაზარდოს. ეს სწორი პოლიტიკაა, რადგან ქვეყნის ცენტრალური ბანკი ლარის გაუფასურებას ერიდება. ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი ეკონომიკა არ განვითარდება და იმპორტის მოცულობა არ შემცირდება“ - აცხადებს ირაკლი მაკალათია.

ხათუნა ჩიგოგიძე