საქართველოში ბიუროკრატიული ხარჯი საგრძნობლად იზრდება, მისი წილი ბიუჯეტის 1/3-ია. როდესაც ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი აბსოლუტური სიღატაკის ზღვარს ქვემოთაა, მსგავსი ხარჯები გაუმართლებელია. სპეციალისტები სახელმწიფოს ურჩევენ, ბიუროკრატიული ხარჯები შეკვეცოს და სახელმწიფოს როლი დასაქმების მიმართულებით შეამციროს.
2017 წლის გეგმის მიხედვით, ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობამ წლის ბოლოს 3.1 მლრდ ლარი უნდა შეადგინოს, რაც, წინა წელთან შედარებით, 79 მლნ ლარით ნაკლებია, მაგრამ 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 601 მლნ ლარით აღემატება. ბიუჯეტთან შეფარდებით კი 30%-ია. ადმინისტრაციული ხარჯი ბიუჯეტში "საქონლისა და მომსახურების" და "შრომის ანაზღაურების" მუხლების ჯამია.
ასეთი ხარჯის გაწევა ბიუჯეტს სულ უფრო უჭირს. შესაბამისად, სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი მისი შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი აზრით, მთავრობა არ უნდა იქცეს დამსაქმებელ ბიუროდ და ეს მიმართულება კერძო სექტორს უნდა მიანდოს. ხელისუფლება ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ ბიუროკრატია გაბერილია და საჯარო სამსახურებში კადრები არაოპტიმალურად არის შერჩეული.
"ეს ის საკითხია, რომელიც წლების განმავლობაში სუბიექტურად იგეგმება და იმართება, მხედველობაში მაქვს მომუშავეთა რიცხოვნობა და მათი მატერიალური უზრუნველყოფა. აქ შედის ხელფასი, დანამატი, პრემია და ე. წ. სახელფასო ფონდი. ამ დროს საქართველოს მთავრობას დამტკიცებული აქვს საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
მომსახურეთა რაოდენობა და მათი ფინანსური უზრუნველყოფა კონკრეტული მიზნებიდან უნდა მომდინარეობდეს. ქვეყანაში დადგენილია კრიტერიუმები, რასაც არ იყენებს მთავრობა და აცხადებს, რომ მისი ქმედება კანონთან შესაბამისია. თუმცა ყველა ვხედავთ, რომ საჯარო უწყებებში შტატები გაბერილია, ძალიან ბევრი თანამშრომელია.
წინა წლის მონაცემებით, უდიდესი დამსაქმებელი ამ სახელმწიფოში თავად სახელმწიფოა, რომელიც მცირედით ჩამორჩება საბანკო სექტორს. ეს არის კატასტროფა. სახელმწიფოს ფუნქცია არის პირობების შექმნა პატარა, ეფექტური მთავრობით, დასაქმება არის კერძო სექტორისა და ბიზნესის საქმე. სახელმწიფო არ უნდა იყოს დასაქმების ბიურო, უფრო სწორად, თავშესაფარი ამა თუ იმ ადამიანთა ჯგუფის შესანახად. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს თანხები ჩვენი თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადებია.
ჩემი რეკომენდაცია, როგორც გადასახადის გადამხდელის, არის, რომ იყვნენ თანმიმდევრული, პრინციპული და საკუთარი გადაწყვეტილების ერთგული. პირველ რიგში, საჯარო მმართველობის სტრატეგიაში გაწერილი პრინციპებისა და კანონის ერთგული", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ალაფიშვილმა.
ადმინისტრაციულ ხარჯთან დაკავშირებულ გაუმჭვირვალე პროცესებზე საუბრობს სამართლის სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი. მისი თქმით, მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯის მხრივ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. ეს ყველაფერი კი სახელმწიფო აუდიტის კომპეტენციაა. სწორედ ამ ორგანომ უნდა გადაამოწმოს და როგორც ნეიტრალურმა ორგანომ, მთავარი სიტყვა თქვას.
"ადმინისტრაციული ხარჯები ზოგადი ცნებაა. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, თითქოს დაკონკრეტებულია ადმინისტრაციული ხარჯვითი ნაწილის დეფინიცია, მაგრამ არსებითად ყველა ხარჯი, რომელიც გაიგივებულია ან შეიძლება გათვალისწინებული ქნეს ადმინისტრაციულ ხარჯში, სამწუხაროდ, სრულყოფილად დაზუსტებული არ არის. ეს იძლევა მანიპულაციის საშუალებას. ერთი შეხედვით, ადმინისტრაციულ ხარჯს განვიხილავთ, როგორც პერსონალის შენახვის ხარჯს, თუმცა ამის გარდა კიდევ საკანცელარიო, ავტომობილის, საწვავისა და სხვადასხვა მიმართულებაშიც არის თანხა გაწერილი. ფიქსირებული და ცვალებადი ამ ტიპის დეფინიციები ჩვენ კოდექსში არ გვაქვს, შესაბამისად, ბიუჯეტის გაშიფვრა ამ კუთხით ძალიან ძნელია.
ბიუჯეტის მონიტორინგს ატარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. შესაბამისად, პირველი სიტყვა, როგორც ნეიტრალურმა ორგანომ, მან უნდა თქვას. მე ვესწრებოდი 2018 წლის ბიუჯეტის განხილვის პირველი მოსმენის საკითხებს და რამე არსებითი არ მომისმენია, მხოლოდ სავარაუდო შეკითხვები იყო დასმული, რომლებმაც ისევ შეკითხვები შეიძლება გამოიწვიოს. აუდიტის სამსახურს შედარებითი ანალიზი უნდა გაეკეთებინა, რაც, სამწუხაროდ, არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, კითხვები ისევ პასუხგაუცემელი რჩება უკვე მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც", - განუცხადა "რეზონანსს" ჩარგეიშვილმა და იქვე დასძინა - "როდესაც ადმინისტრაციული ხარჯი მცირდება, რის ხარჯზე ხდება ეს შემცირება, გაურკვეველია. თავად მომუშავე პერსონალის რაოდენობა იკლებს თუ მათი ხელფასები, ეს დოკუმენტაციიდან არ ჩანს".
"ანალიზის დროს აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა მთავრობის მიმართ, თუ ბიუროკრატიული ხარჯი შემცირებულია, რის ხარჯზე ხდება ყოველივე? იმ თანამშრომლების ხარჯზე, რომლებსაც ხელფასი მოაკლდათ თუ ახალი წლიდან შტატების შემცირების მოლოდინში რომ არიან.
ის, რომ კლებაა ადმინისტრაციულ ხარჯებში, კარგია, თუმცა, მეორე მხრივ, ამან კრიზისი არ უნდა გამოიწვიოს. ისე არ უნდა შევამციროთ ადმინისტრაციული რესურსი, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულოს თავისი ფუნქცია ადამიანების სიმცირის ან ხელფასის ნაკლებობის გამო.
ეს ყველაფერი არ არის გამჭვირვალე და სრულყოფილი ანალიზიც არ გვაქვს. ამიტომ ჩნდება ბევრი კითხვა. ერთი შეხედვით ბიუროკრატიის შემცირება უნდა იწვევდეს პოზიტივს, მაგრამ ეს რის ხარჯზე ხდება, სრულ სურათს ვერ ვხედავთ", - განუცხადა "რეზონანსს" ჩარგეიშვილმა.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"