შვედური მოდური ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია H&M წლიურად 12 ტონა გაუყიდავი, ახალი ტანსაცმლის დაწვაში დაადანაშაულეს.
როგორც ერთ-ერთი დანიური ტელეკომპანიის გადაცემა Operation X from TV2-ის სიუჟეტშია ნათქვამი, კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში ამ გზით 60 ტონა სრულიად ახალი, გამოსადეგი ტანსაცმელი გაანადგურა.
როგორც გადაცემის ჟურნალისტი აცხადებს, მან პირველწყაროდან მიიღო ინფორმაცია, რომ კომპანია სწორედ ამ გზით ანადგურებს მისთვის გამოუსადეგარ ტანსაცმელს.
სიუჟეტის თანახმად, ჯერ კიდევ ივნისში, დაახლოებით 30 ათასი „კავბოის-თემატური“ ჯინსები ბავშვებისთვის და ქალის მუქი ლურჯი შარვლები, რომლებზეც ფასი იყო დაკრული და საერთო ჯამში 1580 კილოგრმს იწონიდა, ერთ-ერთ დაწესებულებაში უტილიზაციის მიზნით მიიტანეს. დამატებითმა გამოძიებამ კი დაადგინა, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, კომპანიამ 60 ტონა ტანსაცმელი დაწვა.
როგორც Kolding Design School-ის პროფესორი ელსე სკჯოლდი აცხადებს, ამას იწვევს პროდუქციის ჭარბი წარმოება. მისივე თქმით, ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიები წარსულში, წლის განმავლობაში მხოლოდ ოთხჯერ ცვლიდნენ კოლექციას, თუმცა სწრაფი მოდის პირობებში ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Zara და H&M ყოველკვირეულად წარმოადგენენ ახალ სამოსს, რაც ავტომატურად იწვევს არსებული კოლექციის სწრაფად დაძველებას და შედეგად ვიღებთ ამ დრამატულ სურათს.
თავად კომპანიაში ამ ბრალდების საპასუხო განცხადება გააკეთეს და მას სიცრუე უწოდეს. როგორც H&M-ში აცხადებენ, ტანსაცმლის უტილიზაცია ამ პერიოდში ნამდვილად მოხდა, თუმცა ეს გამოწვეული იყო მისი დაობებითა და ჯანმრთელობისთვის საზიანო ბაქტერიებით დაბინძურებით.
კოკა კვირკველია