ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ტენდერი ქალაქ ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.

სტადიონი ბუნებრივსაფარიანი იქნება. საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.

უწყების ცნობით, განცხადებების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება. მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 101 700 000 ლარს შეადგენს.

“ჩვენ ახლა ქალაქის იმ ტერიტორიაზე ვიმყოფებით, სადაც მალე ბათუმის საფეხბურთო სტადიონი აშენდება. პროექტზე, რომლისადმიც საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესია, კიდევ ერთი სიახლე გვაქვს. კერძოდ, უკვე გამოცხადდა მშენებლობის ტენდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სამართლებრივი პროცედურის დასრულების შემდეგ უშუალოდ სტადიონის მშენებელობა დაიწყება და ჩვენ ყველანი ერთად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პროექტს ჩავუყრით საფუძველს.

ეს პირობა ჩვენ მივეცით სპორტსმენებს, სპორტის გულშემატკივრებს, მთელს საზოგადოებას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქს მალე აუცილებლად ექნება მაღალი დონის საფეხბურთო სტადიონი”, - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება არქიტექტურული მემბრანით.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, მოადგილეებთან და შპს „სტადიონის“ დირექტორთან სულხან ხალვაშთან ერთად იმ ტერიტორიასთან იმყოფებოდა, სადაც მალე საერთაშორისო სტადიონი უნდა აშენდეს. ადგილზე ასევე ბათუმის “დინამოს“ პრეზიდენტი ოთო ფედიჩკინი და ფეხბურთის ფანკლუბის წევრები იმყოფებოდნენ. მინისტრს სტადიონის პროექტის განხორციელებაში ჩართულმა მხარეებმა მიმდინარე ეტაპის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.