პარტიების შემოწირულობის 80% 643-მა ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო დანარჩენი - 32 იურიდიულმა პირმა

მთლიანი შემოწირულობის 80% 643-მა ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო დანარჩენი - 32 იურიდიულმა პირმა, რომელთაგან 31 „ქართული ოცნების” შემომწირველია, - ამის შესახებ ნათქვამია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დისბალანსი პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობებისა და კამპანიის ხარჯების თვალსაზრისით.

მათივე ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ 2 ოქტომბრის ჩათვლით, სარეკლამო მომსახურებისათვის 4,939,306 ლარი გაიღო, მაშინ როცა სხვა ოპოზიციური პარტიების ხარჯები მნიშვნელობად ჩამორჩება მას.

ასევე 1-ელი ივნისიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, „ქართული ოცნების” მიერ მიღებული შემოწირულობა 12-ჯერ აღემატებოდა ყველა კვალიფიციური სუბიექტის ჯამურ შემოწირულობებს.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, მთლიანი შემოწირულობის 80% 643-მა ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო დანარჩენი - 32 იურიდიულმა პირმა, რომელთაგან 31 „ქართული ოცნების” შემომწირველია.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლეთა განცხადებით, „ქართული ოცნების” 31 შემომწირველი კომპანიიდან 2017 წელს 15-მა გამარტივებული წესით 2,145,022 ლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო, მაშინ როდესაც პარტიის სასარგებლოდ მთლიანობაში 1,021,793 ლარი გაიღეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით, შემომწირველი ფიზიკური პირებიდან, ნაწილი ასევე დაკავშირებული იყო 70 იურიდიულ პირთან, რომელმაც 2017 წელს გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთი კონტრაქტი მაინც მიიღო.

"ერთმა კომპანიამ "პატრიოტთა ალიანსს" შესწირა 90 ლარი. კომპანიები მმართველი პარტიის სასარგებლოდ აკეთებენ შეწირულებებს. ზოგ შემთხვევაში ეს შესაძლოა, ლოიალობის გამოხატულებაა, თუმცა სხვა კომპანიები შესაძლოა ფიქრობენ, რომ თუ მმართველ პარტიას არ შესწირავენ, პრობლემები შეექმნებათ", - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გუგაურმა.

გარდა ამისა, როგორც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაშია აღნიშნული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2017 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით შემოწირულების შემოწმების მიზნით 544 ფიზიკური პირის შემოსავლების შესწავლაზე გააგზავნა მოთხოვნა, საიდანაც გამოკითხვაზე 31 პირი დაიბარა, რომელთაგან 13 არის „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი, ხოლო 18 - „ქართული ოცნების“.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, არც ერთი შემომწირველი არ დაჯარიმებულა.

„სახელმწიფო აუდიტის სამასახურმა ვერ მოახერხა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული მონაცემების პროაქტიულად და სრულად გამოქვეყნება. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა პარტიების დაფინანსების მონიტორინგზე პასუხისმგებელი მოადგილის შეცვლა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე“, - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.