2011-2016 წლებში თბილისის მერიის და საკრებულოს მიერ ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი აჩენს კითხვებს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აღნიშნულია IDFI-ის მიერ მომზადებულ კვლევაში.
ორგანიზაციამ თბილისის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი გააკეთა, რომელიც 2011-2016 წლებში თბილისის მერიის სისტემისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების მიმოხილვას ასახავს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, თბილისის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული 2011-2016 წლების მონაცემების ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუროკრატიული აპარატი მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას საჭიროებს. კვლევა ასევე მოიცავს ავტოპარკსა და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯებს.
„კვლევის განხორციელებას სამწუხაროდ მნიშვნელოვნად აფერხებდა ქალაქ თბილისის მერიის სისტემიდან სხვადასხვა საკითხებზე მოწოდებული არასრულყოფილი და არაკლასიფიცირებული მონაცემები. შედეგად, გარკვეულ საკითხებზე ვერ იქნა დეტალურად შესწავლილი კონკრეტული წლის მონაცემები.
კვლევის ძირითადი მიგნებები: 2016 წლის მდგომარეობით თბილისის მერიასა და საკრებულოში, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 8 000 თანამშრომელს ითვლის;
2011-2016 წლებში ქალაქ თბილისის მერიაში (ადმინისტრაცია და საქალაქო სამსახურები) დასაქმებული თანამშრომლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელს ფიქსირდება - 1198 საშტატო და 80 შტატგარეშე თანამშრომელი;
2012 წლის შემდეგ თბილისის მერიაში დასაქმებულ თანამშრომელთა მკვეთრი მატება უმეტესწილად განაპირობა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნამ, სადაც, 2016 წლის მდგომარეობით დასაქმებულია დაახლოებით 480 თანამშრომელი;
7 რაიონული გამგეობიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, 2013 წლის მდგომარეობით დასაქმებული იყო 524 თანამშრომელი, ხოლო 2015 წლის მდგომარეობით - 641 თანამშრომელი;
2016 წლის ივლისის მდგომარეობით, თბილისის მერიის დაფუძნებულ 7 სსიპ-ში დასაქმებული იყო 2144 თანამშრომელი, ხოლო 79 არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირში - 3 684 თანამშრომელი;
2011 წლის მდგომარეობით, თბილისის საკრებულოს აპარატში დასაქმებული იყო 171 საშტატო და არცერთი შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2016 წლის მდგომარეობით - 247 საშტატო და 69 შტატგარეშე თანამშრომელი.
2011-2016 წლებში ქალაქ თბილისის მერიაში და რაიონულ გამგეობებში დასაქმებული საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს ფიქსირდება 41 მილიონი ლარი, ეს მაჩვენებელი 2014 წელს 40 მილიონ ლარამდე, ხოლო 2015 წელს 35,6 მილიონ ლარამდე შემცირდა. 2016 წელს წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2 მილიონი ლარით გაიზარდა და 37,4 მილიონი ლარი შეადგინა.
2013-2014 წლებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროგრამული ფორმატით შედგენის მეთოდოლოგიის დარღვევით, ადმინისტრაციის ასიგნებებიდან პრემიები ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ასევე გაცემულია თბილისის მერიის სხვა საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების თანამშრომლებზე.
თბილისის საკრებულოს შემთხვევაში, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება - 8,2 მილიონი ლარი, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს დაახლოებით 4 მილიონ ლარს, ხოლო პრემია 4,2 მილიონ ლარს. 2015 წელს საკრებულოში პრემიები გარკვეულწილად ჩაანაცვლა სახელფასო დანამატებმა და პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით სულ გაცემულია 2,8 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს - 3 მილიონი ლარი.
2011 წლის შემდეგ საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისგან განსხვავებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იმატებს შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები. ეს რიცხვი 2016 წელს 2011 წელთან შედარებით დაახლოებით 4,5 -ჯერ არის გაზრდილი.
2017 წლის ივნისის მდგომარეობით ქალაქ თბილისის მერიის ბალანსზე ირიცხება 289 ავტომობილი, ხოლო თბილისის საკრებულოს ბალანსზე - 35 ავტომობილი;
თბილისის მერიის ავტომობილებს შორის, ექსპლუატაციაში მიღების თარიღად 2014 წლის შემდეგ პერიოდი მითითებულია 31 ავტომობილის შემთხვევაში. თბილისის მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით 2014 წლის შემდეგ ავტოპარკის განახლებაზე ხარჯები არ გაწეულა;
2015 წლის შემდეგ, როგორც მერიის ასევე საკრებულოს შემთხევაში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა.
თბილისის საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება 140,4 ათასი ლარი. 2016 წლის მდგომარეობით მსგავსი ხარჯები შეადგენს 42,1 ათას ლარს.
თბილისის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული 2011-2016 წლების მონაცემების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუროკრატიული აპარატი მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას საჭიროებს. წლების განმავლობაში თბილისის მუნიციპალურ დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობის მატების ტენდენციები ფიქსირდება. შედეგად, 2016 წლის მდგომარეობით თბილისის მერიასა და საკრებულოში, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 8 000 თანამშრომელს ითვლის. კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი, ვერ ჩაითვლება ბიუროკრატიული აპარატის იმ ოპტიმალურ ზომად, რაც საკმარისია მუნიციპალიტეტის სტრატეგიული მიზნების ეფექტიანი შესრულებისათვის.
2011-2016 წლებში თბილისის მერიის და საკრებულოს მიერ ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი, აჩენს კითხვებს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ 2015-2016 წლებში შეინიშნება კონკრეტული ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის ტენდენციები (2013-2014 წლებთან შედარებით გარკვეულწილად შემცირებულია პრემიებისა და დანამატების საერთო ხარჯი, მინიმუმამდეა დაყვანილი ავტოპარკის განახლების ხარჯები, შემცირებულია საწვავის მოხმარების ხარჯი) IDFI მიიჩნევს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის სისტემის ბიუროკრატიული აპარატის ზომა და მის უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს და აუცილებელია მისი შემდგომი ოპტიმიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მაქსიმალურად ეფექტიანი და მოქნილი ბიუროკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია კვლევაში.