კვადროციკლები,წყლის სკუტერები, კატერები, ნავები - ეს იმ რეკრეაციული ტექნიკის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც კომპანია „ტრანსპორტერი“ მომხმარებელს სთავაზობს.
უფრო დეტალურად კომპანიის ისტორიაზე, სამომავლო გეგმებზე, საქმიანობასა და ბაზარზე არსებულ ვითარებაზე კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორს გოგა მეთეფშიშვილს ვესაუბრეთ.
„კომპანია „ტრანსპორტერმა“ საქმიანობა გასულ წელს დაიწყო. დღეის მდგომარეობით კი კანადური კომპანიის BRP-ის (Bombardier Recreational Products) ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორი ვართ საქართველოში. ამასთან, 2017 წლის დასაწყისიდან გავხდით მოტოციკლების იაპონური ბრენდის Kawasaki-ს რეგიონალური დისტრიბუტორი - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში; ჰოლანდიური წყლის სპორტთან დაკავშირებული აქსესუარების ბრენდის JOBE-ს, იტალიური ელექტრო ავტომობილების ბრენდის ItalCar-ისა და კატერების მწარმოებელი ამერიკული ბრენდის Quicksilver-ის ოფიციალური დისტრიბუტორი,“-აღნიშნა მეთეფშიშვილმა.
რამდენად მარტივი იყო აღნიშნული ბრენდების დაინტერესება
მათთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი პარტნიორის გამოცდილება და შესაძლებლობები. შესაბამისად, ჩვენი გუნდის მონდომებამ, გამოცდილებამ, მათი დაინტერესების საშუალება მოგვცა. ამასთან, დაინახეს ქვეყანაში პოტენციალი, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი სხვადასხვა რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის წარმატებულმა პოზიციებმა შეიტანა.
რატომ რეკრეაციული ტექნიკა
ეს გართობის კარგი საშუალება და ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთ-ერთი შემადგენელიცა. ამასთან, საქართველოში ტურიზმი აქტიურად ვითარდება და ბევრი ისეთი ადგილია, რომლის მონახულებაც შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური, რეკრეაციული ტექნიკით. სწორედ ეს გახდა ამ სფეროში საქმიანობის დაწყების ძირითადი მიზეზი. აღსანიშნავია, ისიც, რომ მსგავსი ტექნიკა ბაზარზე ისე ფართოდ როგორც ჩვენ გვაქვს, ფაქტობრივად არ იყო წარმოდგენილი.
რამდენად მარტივი იყო თავის დამკვიდრება და დღეს რამდენად კონკურენტუნარიანია ბაზარი
დღეს შედარეებით გააქტიურდნენ ის კომპანიები, რომლებიც აქამდე სფეროს აქტიურად არ ავითარებდა. საკმაოდ საინტერესო და მზარდი ბაზარია და მისი განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ტურიზმის განვითარებაზე. რაც შეეხება თავის დამკვიდრებას, ნებისმიერ წამოწყებას ახლავს სირთულეები, თუმცა, სწორი მიდგომითა და ბაზარზე სწორი მუშაობით სასურველ შედეგსაც მიიღებ.
რამდენად მოთხოვნადია რეკრეაციული ტექნიკა
ჯერჯერობით ქვეყანაში ამ ტიპის ტურიზმის მხოლოდ ჩანასახები ჩანს, თუმცა მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება. აღსანიშნავია, ამ მხრივ გარკვეული რეგულაციების საჭიროებაც, რადგან ხშირად ტურისტის უსაფრთხოება დაცული არ არის. მაგალითად, ბევრგან უკვე მწყობრიდან გამოსული კვადროციკლებია წარმოდგენილი.
რა ტექნიკას სთავაზობს „ტრანსპორტერი“ მომხმარებელს
თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში ჩვენს შოურუმებში მომხმარებელს ვთავაზობთ: BRP-ის კვადროციკლებს, ბაგის ტიპის ავტომობილებს, თოვლმავლებს, წყლის სკუტერებს, კატერებს, ნავებს, დაკიდებულ ძრავებს, Kawasaki-ს მოტოციკლებს, JOBE-ს წყლის სპორტთან დაკავშირებულ აქსესუარებს, ItalCar-ის ელექტრო ავტომობილებს, Quicksilver-ის, Grand-ის, Nautic-ისა და Zodiac-ის კატერებს. გარდა გაყიდვებისა, საკმაოდ მნიშვნელოვანია ტექნიკის სერვისული მომსახურება. ჩვენ გვაქვს როგორც საგარანტიო, ისე გარანტიის შემდგომი მომსახურება, როგორც საკუთარი ბრენდის ისე სხვა ბრენდების მიერ წარმოებული რეკრეაციული ტექნიკისთვის. ამასთან, მომხმარებელს ვთავაზობთ, მობილურ სერვისს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს საშუალება აქვს დარეკოს და ტექნიკის ადგილზე ტრანსპორტირებასა და სერვისს თავად უზრუნველვყოფთ.
ბაზარზე დღეს არსებული სირთულეები
კარგი იქნება თუ კვადროციკლებისა და მოტოციკლების განბაჟების წესი შეიცვლება და დღგ-სგან გათავისუფლდება. ეს ტექნიკას შედარებით გააიაფებდა და კერძო სექტორს მსგავსი ტექნიკის წარმოებისთვის მეტ სტიმულს მისცემდა. ამასთან, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიზნესის დაინტერესება და მათი მხრიდან ხელშეწყობა რომ ქვეყანაში რეკრეაციული ტექნიკის ტურები გაიზარდოს.
„ტრანსპორტერის“ უპირატესობა
ჩვენი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ BRP-ის ოფიციალური დისტრიბუტორი ვართ და ადგილზე ტექნიკის ფართო არჩევანი გვაქვს წარმოდგენილი. გარდა ამისა, შესაძლებელია სასურველი ტექნიკის შეკვეთა და მომხმარებელი ძალიან მალე მიიღებს. ამასთან, გვყავს გუნდი ტექნიკასა და ბიზნესის წარმოებაში გამოცდილი გუნდი, სერტიფიცირებული ტექნიკოსები - ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას კლიენტებს ოპერატიულად და მაქსიმალური ხარისხით მოვემსახუროთ.
კომპანია მონაწილეობს თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“, რას ელით პროექტისგან და როგორია სამომავლო გეგმები?
ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მთავარი მიზანი იყო გვენახა თუ როგორ გვაფასებენ გარედან და რამდენად ახლოს იქნება ჩვენი შეფასება და მოლოდინი მათ შეფასებასთან. ეს კი საშუალებას მოგვცემს ბიზნესის განვითარების შემდგომი ეტაპები სწორად დავგეგმოთ. ამასთან, ამ ტიპის პროექტში მონაწილეობა რა თქმა უნდა დაკავშირებულია ცნობადობის ზრდასთან, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 2018 წლის გაზაფხულიდან სომხეთსა და აზერბაიჯანში დავიწყებთ იაპონური ბრენდის Kawasaki-ს მოტოციკლების გაყიდვებს. ამასთან, გვინდა მომხმარებელს ამერიკული ბრენდის კატერებიც შევთავაზოთ.
თაია არდოტელი