რა პრობლემები აწუხებთ თბილისელებს

თბილისელები დღეს ახალ მერს აირჩევენ, რომლის მიმართ საზოგადოებაში კონკრეტული საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არსებობს.

„ეისითიმ“ თბილისელებს დაუსვა კითხვა – „თქვენ რომ თბილისის მერი იყოთ, დედაქალაქში არსებულ რომელ საკითხებს მიხედავდით პირველ რიგში?“

ბოლო წლების მანძილზე საქართველოში ჩატარებული კვლევების აბსოლუტური უმრავლესობა აჩვენებს, რომ მოსახლეობისათვის ნომერ პირველ საკითხს დასაქმება წარმოადგენს და გასაკვირი არ არის, რომ თბილისელებმაც სწორედ ამ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება – დედაქალაქის მკვიდრთა თითქმის ნახევარი - 47% ამბობს, რომ მერობის შემთხვევაში დასაქმების პრობლემას მოაგვარებდნენ.

გამოკითხულთა 30%-ისთვის ანუ ყოველი მესამე თბილისელისათვის პრიორიტეტულ საკითხს ქალქში საცობების პრობლემის მოგვარება წარმოადგენს, დაახლოებით იგივე რაოდენობა - 27% სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვის საჭიროებაზე აკეთებს აქცენტს; ყოველი მეხუთესათვის - 23%-სთვ ის მშენებლობის საკითხების მოგვარებაა მნიშვნელოვანი (შრომის უსაფრთხოება და უკანონო მშნებლობები); ყოველი მეხუთე -21%-ი თვლის, რომ ეკოლოგიური პრობლემებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრა ქალაქის მერის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა; 15%-ს კი რეკრეაციული ზონების მოწყობა სურს.

მიუხედავად იმისა, რომ საკითხების ჩამონათვალი მსგავსია, კვლევა აჩვენებს, რომ ქალებსა და კაცებს განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ. კერძოდ, კაცები მეტად აკეთებენ აქცენტს საცობების საკითხზე (კაცი – 38%; ქალი – 23%), მშენებლობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე (კაცი – 30%; ქალი – 19%) და პარკირების პრობლემაზე (კაცი – 18%; ქალი – 10%). ქალებისათვის კი სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს პრიორიტეტს (ქალი – 31%; კაცი – 22%).

„ეისითის“ ცნობით, გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის , 2017 წლის 6–დან 9 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.