„სიახლეს ვეძახით იმას, რაც ძველია და ტრადიციულია,“ - ამბობს ჯამბულ ეხვაია, ფერმერი გამყოფ ზოლთან მდებარე სოფელ ხურჩადან, რომელიც უკვე წლებია ბიოპროდუქტის მოყვანითაა დაკავებული.
მასწავლებლობისა და სკოლის დირექტორობის მრავალწლიანი სტაჟი მას შემდეგ მიატოვა, რაც გადაწყვიტა მთელი თავისი დრო სოფლის მეურნებისათვის დაეთმო და ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და ხილი მოეყვანა. ამბობს, რომ ეს სულაც არაა სიახლე და რომ რეალურად იგი წინაპრების მეთოდს დაუბრუნდა, რადგან ძველად მოსავალი სწორედ ყოველგვარი შხამქიმიკატების გარეშე მოჰყავდათ.
სასუქად თუ დაავადებების საწინააღმდეგოდ იგი მხოლოდ ბიოპრეპარატებს იყენებს და ყოველგვარ ქიმიურ საშუალებაზე უარს ამბობს. ამ ეტაპზე ფერმერს მოჰყავს ყველანაირი ბოსტნეული, სიმინდი და მარწყვი. სარეალიზაციოდ მხოლოდ მარწყვი გააქვს. ბოსტნეული კი ოჯახის საჭიროებებს ხმარდება.
უახლოეს მომავალში გაფართოებასაც გეგმავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამებში ჩაერთო. სამომავლოდ კოოპერატივის ჩამოყალიბებაზე ფიქრობს, რომელიც ბოსტნეულს ბიოტექნოლოგიებით მოიყვანს.
-როგორ ახერხებთ ნიადაგის განოყიერებას?
-ოჯახში ვამზადებ კომპოსტს და ჩემ საკარმიდამო ნაკვეთს ამ ბიო სასუქით ვანოყიერებ.
-ანუ, ქიმიურ საშუალებებს არც შესაწამლად და არც გასანოყიერებლად არ იყენებთ?
-არა, არანაირს. უბრალოდ ბოლო პერიოდში, ფაროსანას გამო, იმდენად ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნა, რომ იძულებული გავხდით ნაკვეთები სპეციალური წამლით დაგვემუშავებინა. ზოგადად კი, მცენარის დაცვასა და მოვლისათვის, არაფერს ვიყენებ - არც ჰერბიციდებს და არც შხამქიმიკატებს.
-უამრავი ფერმერისათვის უცხო და შეუძლებელია ის, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ...
-გეთანხმებით. თავიდან ჩემ საქმიანობასაც ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ. ბიოსასუქის, ანუ კომპოსტის წარმოება რომ დავიწყე ჩემი ძალებით და ვთქვი, რომ აზოტს, ან სხვა სახის სასუქებს გასანოყიერებლად არ გამოვიყენებდი, არავის სჯეროდა.
მაგალითად, ჩვენთან თითოეული ოჯახი საკუთარი საჭიროებისათვის 200 ან მეტ ნერგ პომიდორს რგავს. მე კი ვთქვი, რომ ამ მეთოდის გამოყენებით 20 ნერგს დავრგავდი და ოჯახს ეს დააკამყოფილებდა. ამას სიცილით შეხვდნენ. მერე კი დაინახეს, რომ იმ 20 ძირის კარგი მოვლით არათუ ოჯახის დაკმაყოფილება იყო შესაძლებელი, არამედ წვენიც კი მოვადუღეთ, მიმდევრებიც გამომიჩნდნენ. ასე რომ, არა მარტო მე, ჩვენ სოფელში არიან გლეხები, რომლებიც თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებს ამ მეთოდით ამუშავებენ.
-გარდა კომპოსტისა, ალბათ მცენარეების დაცვისათვისაც გიწევთ სხვა საშუალებების გამოყენება, რათა მოსავალი მწერებმა, გვალვამ ან დაავადებებმა არ დააზიანონ. რითი ჩაანაცვლეთ შხამქიმიკატები?
-ვთანამშრომლობ შპს „ბიოაგროსთან“, რომლებიც მცენარის მოვლისა და დაცვისათვის ბიო პრეპარატებს ამზადებს. ყველა სახის დააადების საწინააღმდეგო და ყველა სახის ნიადაგის გასანოყიერებელი პრეპარატები მზადდება. ეს პრეპარატები ბიოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა - ბოსტნეული გარეცხვის გარეშეც კი შეგიძლიათ მიირთვათ. იგი ადამიანის ორგანიზმს არანაირ ზიანს არ აყენებს და რაც მთავარია, არ ანადგურებს იმ სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებმაც მცენარის ზრდა-განვითარებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.
-ეს რამდენად ძვირი გიჯდებათ?
-არც ისე. რომ ვიანგარიშე, იმაზე 40-50 %-ით ნაკლები მეხარჯება, რაც შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების გამოყენებისას დამჭირდებოდა. აღარაფერს ვამბობ ხარისხზე და იმ თანხებზე, რასაც ჯანმრთელობის შენარჩუნებით დაზოგავთ.
-მიუხედავად ამისა, ბიოწარმოებას არც ისე ბევრი მისდევს. თქვენი აზრით რატომ? ხალხს ინფორმაცია არ აქვს?
- ხომ იცით, ნათქვამია „შეჩვეული ჭირი მირჩევნია შეუჩვეველ ლხინსო“. ჩვენში ყველანაირ სიახლეს შიშით ხვდებიან. სინამდვილეში სიახლეც არაა, ჩვენი წინაპრებს ხომ ასე მოჰყავდა მოსავალი, მაშინ ხომ არ იყო შხამქიმიკატები, მაგრამ ხომ მოჰყავდათ უკეთესი ხარისხის? მართალია მაშინ ნიადაგიც უკეთესი ხარისხის, უფრო ნოყიერი იყო, მაგრამ ვისი ბრალია ნიადაგის გაფუჭება? ჩვენი არასწორი მიდგომის. ბუნებაში ყველაფერი თავისთავად რეგულირდება და ჩვენც უნდა გამოვიყენოთ ის, რაც ბუნებისათვის მისაღებია. ანუ, ნიადაგი ბიოტექნოლოგიით უნდა დავამუშავოთ.
ჩვენთან კარგ მეურნედ ის ითვლება, ვინც ნაკვეთს უცებ გაასუფთავებს, სარეველებს ამოძირკვავს, გაიტანს და დაწვავს. არადა ის იქვე უნდა დარჩეს, დალბეს და ორგანულ სასუქად გადაიქცეს. ანუ, ის საკვები, რაც მცენარემ ნიადაგს წაართვა, უკან უნდა დაუბრუნდეს. ამ ციკლს რომ შევწყვეტთ, მაშინ უარესდება ნიადაგის სტურქტურა.
მიწაზე ჰერბიციდის დაყრა და ბალახის მისით მოშორება ძალიან მარტივი გამოსავალია. შედეგს უცებ იღებ, მაგრამ ამით ნიადაგს წარმოუდგენელ ზიანს ვაყენებთ. ნიადაგი მინერალური სასუქების ჭარბი რაოდენობითა და იმ ელემენტებითაა გაჯერებული, რომლებიც მას არ სჭირდება. არ ვაკერთებთ ნიადაგის სტრუქტურულ ანალიზს, რომ ვიცოდეთ რა სჭირდება მას, რომელი ელემენტი აკლია. ამის გარეშე სასუქის შეტანა იგივეა თავი რომ გტკიოდეს და კუჭის ტკივილის წამალი მიიღოთ. რაც არ უნდა ძვირადღირებული წამალი იყოს, ხომ არ გიშველით? ამ დროს შეიძლება 20 თეთრიანმა წამალმა გიშველოს, იმან, რომელიც საჭიროა.
-სარეველის პრობლემას როგორ უმკლავდებით?
-სარეველაც თავის როლს ასრულებს. ბუნებაში უმიზნო არაფერია. სარეველა უნდა გაითიბოს და იქვე დარჩეს, რათა დალპეს და მიწას ისევ სასუქად დაუბრუნდეს. შეიძლება შრომა მეტია, მაგრამ უკეთეს შედეგს მიიღებთ, ვიდრე ჰერბიციდების გამოყენებისას ვიღებთ.
-თუ გქონიათ შემთხვევა, რომ ბიოპრეპარატებმა არ გაამართლა და მოსავალი გაგიფუჭდათ?
-კი, ესეც ყოფილა, მაგრამ მოგახსენებთ თუ რა შემთხვევაში: ყველა ბიოპრეპარატს თავისი გამოყენების წესი გააჩნია და ამის არცოდნით შედეგს ვერ მივიღებთ. ერთ-ერთი ბიოპრეპარატია ორგანიკა, რომლის გამოყენებაც მხოლოდ დილისა და საღამოს საათებში შეიძლება. შუადღისას, მზეზე მის გამოყენებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან მასში შედის ცოცხალი მიკროუჯრედები, რომლებიც მზის სხივის დაცემისას იღუპებიან. დილის საათებში კი მცენარეს რომ მიასხურებ, იგი ნახევარ საათში გაიწოვს და მერე მზე ვეღარაფერს დააკლებს. ამის უცოდინარობის შემთხვევაში ვიტყვით რომ პრეპარატმა არ იმოქმედა. არადა, გამორიცხულია არ იმოქმედოს, თუკი სწორად მოვიხმართ.
-თქვენი მოსავლიდან რას ყიდით?
-მხოლოდ მარწყვს. დანარჩენი ოჯახის დაკმაყოფილებას ხმარდება. ახლა გაფართოებას ვცდილობ. სასათბურე კონსტრუქცია შევიძინე და სასათბურე მეურნეობა 400 კვადრატულ მეტრამდე მინდა გავზარდო. მერე უკვე ბოსტნეული კულტურებიც მექნება გასაყიდი.
-მარწყვის მოსავალი რამდენი გაქვთ?
-წელიწადში დაახლოებით 900-1000 კილოგრამი. გაყიდვა კი არ დამჭირვებია. როცა ხალხმა გაიგო, რომ ის ეკოლოგიურად სუფთა იყო, ადგილზევე მოდიოდნენ. ახლა მყავს მუდმივი კლიენტები, რომლებიც მოდიან და აქვე ყიდულობენ. თუ ბაზარში სეზონზე მარწყვი 3 ლარი ღირდა, ჩემგან 5 ლარად მიჰქონდათ.
-ოჯახი გეხმარებათ?
-ყველაფერს ოჯახის დახმარებით ვაკეთებ, ამას მარტო ვერაფრით შევძლებდი. პატარა ტრაქტორიც მყავს მიწების მოსახნავად და ყველფერს ჩვენით ვაკეთებთ.
თაკო მათეშვილი