სექტემბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1 ლარითა და 40 თეთრით გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 168,8 ლარს შეადგენდა. აგვისტოში კი აღნიშნული მაჩვენებელი 167,4 ლარი იყო.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 11 ლარითა და 50 თეთრით არის გაზრდილი. კერძოდ, 2016 წლის სექტემბერში იგივე მონაცემი 157,3 ლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, სექტემბერში 1 ლარითა და 20 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი. კერძოდ, წინა თვეში ეს მონაცემი 149,5 ლარი; ხოლო 2017 წლის აგვისტოში 148,3 ლარი იყო.

რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, 2 ლარითა და 30 თეთრით გაიზარდა და 283,2 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის სექტემბრის მონაცემთან შედარებით, 19 ლარითა და 30 თეთრით არის გაზრდილი.

ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი სექტემბერში ასე გადანაწილდა: ერთსულიანი ოჯახი -149 ლარი და 50 თეთრი; ორსულიანი ოჯახი - 239 ლარი და 30 თეთრი; სამსულიანი ოჯახი - 269 ლარი და 20 თეთრი, ოთხსულიანი ოჯახი - 299 ლარი და 10 თეთრი, ხუთსულიანი ოჯახი - 336 ლარი და 50 თეთრი, ექვსსულიანი ოჯახი - 397 ლარი და 80 თეთრი.