კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 10.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა

2014 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2.0 პროცენტით, ანუ 204 მილიონი ლარით გაიზარდა.

როგორც ეროვნული ბანკში ამბობენ, მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის აღნიშნულმა 10.6 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 131.2 მლნ ლარით (3.2 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 73.6 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2014 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.2 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით - 4.2 მლრდ ლარის მოცულობის სესხი. იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 44.8 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2014 წლის თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის მარტში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.1 პროცენტით ანუ 1.8 მლნ ლარით გაიზარდა.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 17.5 პროცენტი შეადგინა, რაც 2014 წლის პირველი აპრილისათვის 943.9 მლნ ლარით განისაზღვრა.

იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 70.0 პროცენტი სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2014 წლის მარტის განმავლობაში 2.6 პროცენტით, ანუ 126.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 4.9 მლრდ ლარს გადააჭარბა.