სპეციალისტები ფერმერებს მომავალ წელს თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ურჩევენ, გარკვეული ღონისძიებების გატარება შემოდგომიდანვე დაიწყონ.
როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდეშელმა განაცხადა, მათი რეკომენდაციაა, გვიანი შემოდგომის პერიოდში თხილის ბაღები დაზიანებული ტოტებისგან გაათავისუფლონ და სპეციალური პრეპარატით შეწამლონ.
„რეკომენდაციები მდგომარეობს იმაში, რომ ფიტოსანიტარული ღონისძიებები გატარდეს - მცენარის გასხვლა, დაზიანებული კვირტებისგან გათავისუფლება მოხდეს. აღსანიშნავია, რომ სოკოვან და ბაქტერიულ დაავადებებსაც შეუძლია თხილის გულის დაზიანება. ორივე დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება ერთი და იგივე, ამ შემთხვევაში სპილენძის შემცველი პრეპარატი. ფერმერებს ვურჩევთ, რომ ამ საერთო პრეპარატებით ახლავე ებრძოლონ დაავადებებს“, - განაცხადა ხიდეშელმა.
მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლოაში, თხილის როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნა მხოლოდ ფაროსანას ბრალი არ არის და ეს უპირველეს ყოვლისა, სხვადასხა დაავადებით, განსაკუთრებით კი, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებითაა განპირობებული.
ზურაბ ხიდეშელის განმარტებით, მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები და ამ დროისთვის უკვე გამოვლენილია, რომ თხილის კულტურის დაზიანება, უმეტესწილად, მცენარის დაავადებებით არის გამოწვეული, რაც, მისივე თქმით, კულტურის შიგთავსის გაფუჭებას იწვევს.
რაც შეეხება ფაროსანას წვლილს თხილის კულტურის დაზიანებისა და განადგურების მხრივ, ზურაბ ხიდეშელის ინფორმაციით, მიმდინარე კვლევებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ეს მაჩვენებლი 10%-15% -ს შეადგენს.
მისივე განმარტებით, ფაროსანას გარდა არის სხვადასხვა ტიპის მავნებლები, მათ შორის ტკიპა, ხარაბუზა, ქერქიჭამია და ა.შ., რომლებიც აღნიშნულ კულტურას ასევე აზიანებენ.
„თხილის კულტურაში სხვადასხვა სახის დაავადების მატება გამოწვეულია ამ მიკროორგანიზმებისათვის ძალიან ხელსაყრელი კლიმატური პირობებით, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე შეიქმნა. იყო ტენიანი გაზაფხული, განსაკუთრებით 2016 წელს, რამაც გამოიწვია ისეთი დაავადებების ძლიერად გავრცელება, როგორიც არის ნაცარი და სიდამპლეები. ნაცრის დაავადების თაობაზე ფერმერიც იყო ინფორმირებული და ატარებდა წამლობას, მაგრამ შარშან იმდენად დიდი რაოდენობით გავრცელდა, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო ერთგვარი ინდიკატორი იმისა, რომ სამწუხაროდ, სოკოვანი დაავადებებისთვის ხელსაყრელი პირობა შეიქმნა. უპირველეს ყოვლისა, ზიანი მდგომარეობს თხილის გულის დაზიანებაში, ანუ თხილი შესაძლოა ვიზუალურად კარგი იყოს, თუმცა გული ფშუტე ან დამპალი ჰქონდეს. ჩვენი აზრით, ამის მიზეზი, მეტწილად, დაავადებებია. მიმდინარეობს სპეციალური კვლევები და სულაც არ არის გამორიცხული, რომ დასკვნები შეიცვალოს, თუმცა ახლა სურათი ასეთია, რომ თხილის კულტურის დაზიანება დაავადებების ბრალია“, - განაცხადა ზურაბ ხიდეშელმა.
მასალა მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით.