სავაჭრო-სამრეწველო პალატა დუალური განათლების განვითარებაში ერთვება

სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში დუალური განათლების სისტემის გერმანული მოდელის დანერგვაში ერთვება.

„წარმატებული მოდელის მიხედვით გერმანიაში დუალური განათლების პროცესის მონაწილე ყველა მხარეს შორის მედიატორის როლს სწორედ სავაჭრო პალატები ასრულებენ. ახალი ინიციატივის მიხედვით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, რომლის საბჭოც ამ ეტაპზე 36 მსხვილ ბიზნეს-ასოციაციას აერთიანებს, შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო.

ინიციატივა მიმართულია დუალური განათლების პროცესის მონაწილე ყველა მხარეს შორის მედიაციისა და კოორდინაციის განხორციელებისკენ. ესენი არიან: ბიზნესი, კერძო სექტორი, სახელმწიფო, პროფესიული სასწავლებლები და სტუდენტები. ასევე, საბჭოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი დუალური განათლების სისტემის პოპულარიზაცია და მის შესახებ ცნობადობის ამაღლება იქნება.

ეს ინიციატივა დღეს პირველად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და GIZ-ის კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „დუალური პროფესიული განათლება საქართველოში - პერსპექტივები კერძო კომპანიებთან ერთად“ განიხილეს. ღონისძიება დუალური პროფესიული განათლების პერსპექტივებს ეძღვნებოდა, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ღონისძიებაზე მომხსენებლის რანგში წარდგა და გერმანულ მოდელზე დამყარებული ახალი ინიციატივა მიმოიხილა. დუალური განათლების სისტემის განვითარებაში პალატის ჩართულობა ღონისძიების ფარგლებში გამართული დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო“, - აღნიშნულია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.