ავტომობილის ტექდათვალიერებისთვის მომზადებამ, შესაძლოა, უშუალოდ მანქანის ღირებულებასაც კი გადააჭარბოს.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, გამორიცხული არ არის, ზოგიერთი მანქანის მოწესრიგება 500-1000 ლარიც დაჯდეს, ზოგს კი 1500 ლარიც არ ეყოს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, გარდა ამისა, ძველი მანქანის მფლობელს საკუთარი ავტომობილის "მწყობრში მოსაყვანად" საკმაო დრო და ენერგია დასჭირდება.
კატალიზატორი, საბურავები, საქარე მინები, სამუხრუჭე სისტემა, ფარები - ეს ავტონაწილების ის მცირე ჩამონათვალია, რაც სავალდებულო ტექდათვალიერებამდე მძღოლს წესრიგში უნდა ჰქონდეს.
"ბიზნეს-რეზონანსი" სპეციალისტებთან ერთად შეეცადა, 10 და 29 წელს გადაცილებული მანქანების ტექდათვალიერების ხარჯი დაეთვალა. საშუალოდ, 2007 წელს ქვემოთ გამოშვებული მანქანის წესრიგში მოსაყვანად ოპტიმალური ხარჯი დაახლოებით 500 ლარი იქნება, მაგრამ თუ ის 20 წელზე მეტი ხნისაა, 1000 ლარიც არ ეყოფა. საბოლოო ჯამში, როგორც სპეციალისტები თანხმდებიან, ყველაფერი ინდივიდუალურია და არც ის არის გამორიცხული, 10 წელს გადაცილებული ავტომობილის ტექნიკური გამართულობა 6-7 წლის მანქანასაც სჯობდეს.
ავტოპარკს თუ გადავხედავთ, დაახლოებით 650 000 ისეთი ავტომობილია, რომელთა ვადა 11-დან 20-წლამდეა. საეჭვოა, მათ სავალდებულო ინსპექტირების გავლა მნიშვნელოვანი დანახარჯის გარეშე შეძლონ. ყველა ავტომობილი იმ პარამეტრის მიხედვით შემოწმდება, რომელიც მწარმოებელმა ქარხანამ დაუდგინა.
კომპანია "აირბალონის" წარმომადგენელი, ინჟინერი ნოდარ რამიშვილი პირად მაგალითზე გვიამბობს იმ ხარჯის შესახებ, რაც 20 წელზე მეტი ხნის მანქანის შეკეთებისას გასწია. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს არ არის მასობრივი შემთხვევა და მძღოლების უმეტესობას 1500 ლარზე მეტის დახარჯვა, იშვიათი შემთხვევის გარდა, არ მოუწევთ.
"რამდენიმე თვის წინ 1995 წელს გამოშვებული ჯიპი მაჩუქეს, რომელიც გარეგნულად საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო. 1 თვის წინ დავიწყე ამ მანქანის შეკეთება და 3500 ლარი დავხარჯე. სრულად რომ მოვაწესრიგო, კიდევ ერთი ამდენი დამჭირდება და ჩემი ხარჯი 7000 ლარს მიაღწევს. ამ ფასად 2004 წელს გამოშვებულ კარგ მანქანას ვიყიდდი, მაგრამ ნაჩუქარი მანქანაა და ვიფიქრე, რომ ხარჯის გაწევა ღირდა. ეს არის ჯიპი და ამიტომაა ასეთი ძვირი მისი შეკეთება.
მსუბუქი ავტომობილის, ვთქვათ, 10 და 20 წელზე მეტი ხნოვანების "მერსედესის", "ოპელის" და "ბეემვეს" შეკეთება, საშუალოდ, 1000-1500 ლარი დაჯდება. ზოგ შემთხვევაში ხარჯი შეიძლება მანქანის ღირებულების ტოლი აღმოჩნდეს. ცხადია, ყველაზე ძვირი დაჯდება ტაქსების წესრიგში მოყვანა, რადგან მათი უმეტესობა გაუმართავი, ძველი ტრანსპორტია. თუმცა ტაქსისტებს უფრო არ უჭირთ მანქანების შეკეთება, ვიდრე სხვა კატეგორიის მძღოლებს, რომლებიც თვიდან თვემდე ხელფასს შეჰყურებენ და მიზერული შემოსავალი აქვთ.
იმ შემთხვევაში, თუ მანქანას არც სავალი ნაწილი უვარგა, არც საჭის მექანიზმი მუშაობს კარგად და მწყობრიდან თითქმის გამოსულია, მისი შეკეთება არც ღირს. კაპიტალური რემონტი საკმაოდ დიდ ხარჯს მოითხოვს და მანქანების მფლობელების დიდ ნაწილს ამის შესაძლებლობა არ აქვს", - ამბობს რამიშვილი.
იმპორტიორები აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი პრობლემა მძღოლებს კატალიზატორის გამო შეექმნებათ. ახალზე რომ არაფერი ვთქვათ, მეორადი კატალიზატორი, საშუალოდ, 250-300 ლარი ღირს. სხვა ტექნიკური საკითხების მოწესრიგებისთვის საჭირო ხარჯსაც თუ დავამატებთ, საბოლოო ჯამში, ტექდათვალიერებისთვის მანქანის მომზადება საკმაოდ ძვირი იქნება.
ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტი, იმპორტიორი ელგუჯა ჯამაგიძე ვარაუდობს, რომ მძღოლების უმეტესობას მანქანის ტექნიკური გამართვა ძალიან გაუჭირდება.
"არათუ 10 წლის, ვიცი ბევრი 7-8 წლის ავტომობილი, რომელიც ფარების გარეშე დადის და საქარე მინა არ აქვს, ტექნიკურად გაუმართავია და მისი მომზადება სერიოზულ ხარჯს მოითხოვს. გააჩნია მოდელს და იმასაც, რამდენად ხელსაყრელ ფასად იყიდის შესაბამის ნაწილს მანქანისათვის.
ყველაზე მეტად მანქანებს აქვთ გამონაბოლქვის პრობლემა. ზოგი იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ ძრავა უნდა შეიცვალოს, რაც საკმაოდ დიდ ხარჯს უკავშირდება. უმეტეს შემთხვევაში კატალიზატორის ყიდვა მოუწევთ, საშუალოდ, 200-250 ლარის ფარგლებში და ისეც მეორადი. კატალიზატორი მანქანების 80%-ს არ აქვს (ის ძვირადღირებულ ლითონს შეიცავს და ბევრი შეგნებულად ყიდდა). ამ ნაწილის ფასი დამოკიდებულია მანქანის მარკასა და წლოვანებაზე.
აუცილებელი იქნება საბურავების შეცვლა, რაც ტექდათვალიერებისას არა მეორადი, არამედ ახალი უნდა იყოს. ეს კი მძღოლებს, საშუალოდ, 400-600 ლარი დაუჯდებათ. სხვა ხარჯიც გასათვალისწინებელია. ტექდათვალიერების მთავარი პირობაა, რომ მანქანა უნდა იყოს გამართული და მუშაობდეს ელემენტარული სისტემები - მუხრუჭები, დაკიდების სისტემა, ფარები, ნორმალური ხილვადობა უნდა ჰქონდეს და ა.შ.
გამოდის, რომ ტექდათვალიერება დაახლოებით 650 ათასი ავტომფლობელისთვის (დაახლოებით ამდენია 10 წელზე მეტი ასაკის) პირდაპირი დარტყმა იქნება. ზოგ შემთხვევაში მანქანის ტექდათვალიერებისთვის მომზადება მძღოლს, შესაძლოა, ავტომობილის თვითღირებულებაზე მეტიც დაუჯდეს", - აცხადებს ჯამაგიძე და დასძენს, რომ 20 წელზე მეტი ასაკის მანქანებს მასობრივად აქვთ პრობლემა.
"ცხადია, მანქანის ტექნიკური მდგომარეობა მარტო წლოვანებაზე არ არის დამოკიდებული. მთავარია, რამდენად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმას და ტექნიკურად რა მდგომარეობაშია. იშვიათად შეიძლება, რომ 20 წლის მანქანა კარგად იყოს შენახული. მათ მუდმივად აქვთ პრობლემა. სწორედ ასეთია ტაქსების უმეტესობა. ჩემი აზრით, კანონის ამოქმედების შემდეგ მათი ნახევარი გაჩერდება.
მანქანების მფლობელებისთვის ეს პროცესი მარტივი არ იქნება, მაგრამ რეფორმა აუცილებელია და ვიღაცისთვის ყოველთვის იქნება მტკივნეული. კარგი იქნება, ეტაპობრივად დაიწყონ სამზადისი. ერთიანად რომ დააწვებათ მომსახურების ხარჯი, ცხადია, მძღოლებს პრობლემა შეექმნებათ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ელგუჯა ჯამაგიძემ.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"