Facebook-ზე ინფორმაციის გავრცელება შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს

Facebook-ი ახალი რეგულაციების შემოღებას გეგმავს, რომელიც გამომცემლობებს დაავალდებულებს ინფორმაციის გავრცელებისთვის თანხა გადაიხადონ.

ექვს ქვეყანაში მიმდინარე ტესტირების ფარგლებში, Facebook აპირებს ორი სხვადასხვა არხის (ნიუსფიდის) ამოქმედებას და ამ მიზნით კომპანიამ უკვე შექმნა დამატებითი არხი - Explore Feed, რომლის მიზანია მომხმარებელს აჩვენოს შეტყობინებები ადამიანებისგან ან კომპანიებისგან, რომლის „ფოლოუერები“ ისინი არ არიან. ხოლო მეორე იქნება არხი, რომელზეც ისინი თვალს მიადევნებენ მათთვის ჩვეულებრივ სიახლეებს, სადაც მათი ახლობლებისა და მეგობრების სიახლეებს ნახავენ.

„ეს ტესტი ამოქმედდება შრი-ლანკაში, ბოლივიაში, სლოვაკიაში, სერბეთში, გვატემალაში და კამბოჯაში. ამ დროისთვის არ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ სიახლე დავნერგოთ გლობალუარად,“ - აცხადებენ კომპანიაში.

მიუხედავად კომპანიის განცხადებისა, რომ ამ ცვლილებების დანერგვა გლობალურად არ იგეგმება, ფაქტი, რომ მიმდინარეობს მისი სატესტო რეჟიმში მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში, მიუთითებს, რომ Facebook-ი მის დანერგვას უახლოეს მომავალში სხვაგანაც დაიწყებს. ეს ცვლილება კი გამომცემლებისთვის ნამდვილად არასახარბიელოა, რადგან მათი უმეტესობა საკუთარ აუდიტორიამდე სწორედ ფეისბუქის საშუალებით აღწევს.

კოკა კვირკველია