ლონდონის სითის მერის შეფასებით, საქართველოს რეგიონში ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემო გააჩნია.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ლონდონის სითის ლორდ მერმა ენდრიუ პარმლიმ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მანსონ ჰაუსში მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს მრგვალი მაგიდა ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საინვესტიციო შესაძლებლობებს დაეთმო.
ლონდონის სითის ლორდ მერის განცხადებით, მრგვალი მაგიდა აღნიშნულ ორგანიზაციაში პირველი მსგავსი ტიპის ღონისძიებაა. მერის თქმით, მისი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი სწორედ სწრაფად განვითარებად ქვეყნებთან თანამშრომლობაა.
„საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი დიალოგი ჩვენ ქვეყნებს შორის რეგულარულ ხასიათს მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს კავშირების განვითარებას. საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა ბიზნესის წარმოების კუთხით“, - აღნიშნა მან.
მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწვეულ ბრიტანელ ბიზნესმენებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გააცნო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. ღონისძიებას ბრიტანული საინვესტიციო, ენერგეტიკული და ფინანსური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.