თბილისის მერიის არჩევნებში ყველა უბნის მონაცემით, პირველ ადგილზე - 51,12 %-ით კახა კალაძე გავიდა.
ასეთია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემები. არაოფიციალურად უკვე სახელდება რამდენიმე პირი, რომლებიც თბილისის მერიაში, სავარაუდოდ, კალაძის გუნდის წევრები იქნებიან.
არსებული ინფორმაციით, კალაძე მერიაში ირაკლი ხმალაძის, მაია ბითაძის, ლაშა კვანტალიანისა და თემურ ბოლოთაშვილის წაყვანას გეგმავს.
ამასთან, ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ოთხი პირიდან თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას ირაკლი ხმალაძე დაიკავებს. რომელიც კალაძის ენერგეტიკის მინისტრობისას მისი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კალაძის გუნდის კიდევ ერთი წევრი მაია ბითაძე კი გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობენ თბილისის მომავალი მერის გუნდის სავარაუდო წევრები.
მიმდინარე წლის 3 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ხმალაძე ფლობს 71 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომლის 50%-50%-იანი წილები მას და მის მეუღლეს ეკუთვნით.
რაც შეეხება ხმალაძის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ,,თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 950 ლარი, საკრედიტოზე - 4 000 ლარი, ხოლო "საქართველოს ბანკის" ანაბარზე - 128 000 დოლარი ჰქონდა.
ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ხმალაძის შემოსავალმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2016 წელს 98 640 ლარი შეადგინა. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 2017 წლის მარტში ხმალაძემ 370 000 დოლარად გაყიდა საცხოვრებელი სახლი, რისთვისაც საბროკერო მომსახურებაში 11 100 დოლარი გადაიხადა. ამასთან, სესხის წინსწრების დაფარვისას ხმალაძის გასავალმა 155 000 დოლარი შეადგინა.
ირაკლი ხმალაძეს ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. დეკლარაციის შევსების დროს, მის მეუღლეს „თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 500 ლარი, ,,საქართველოს ბანკის“ საკრედიტოზე კი - 2400 ლარი ჰქონდა.
რაც შეეხება მაია ბითაძეს, 2017 წლის 8 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ბითაძე და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ უძრავ ქონებას. დეკლარაციის შევსების მომენტში მაია ბითაძეს ,,საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 943 ლარი, მიმდინარეზე - 3 735 ლარი, „რესპუბლიკა ბანკის“ სახელფასოზე კი - 323 ლარი ჰქონდა. მასვე ნაღდი ფულადი თანხის სახით 7 000 ლარი ჰქონდა.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, მაია ბითაძის ანაზღაურებამ გასულ წელს 67 777 ლარი, თსუ-ში იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორობისას 15 248 ლარი შეადგინა. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ბითაძის გასავალმა 2016 წელს შვილების სწავლის საფასურის სახით, ჯამში 2 323 ევრო შეადგინა.
ბითაძეს მეუღლე და 2 შვილი ყავს. მისი მეუღლე ფლობს ორ მსუბუქ ავტომობილს. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ბითაძის მეუღლეს „რესპუბლიკა ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 300 დოლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 10 000 დოლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა გასავალმა ტექნიკის, შვილის სწავლის საფასურისა და მგზავრობის ხარჯების სახით ჯამში - 2100 ლარი და 5 300 დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, მაია ბითაძის შვილის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი - Mercedes-ი.