მძღოლებისათვის ხშირად გაუგებარია ითვლება თუ არა მათი ავტომობილის საქარე მინაზე განთავსებული ,,სითი-პარკის“ ჯარიმა მათთვის ჩაბარებულად.
ჩაბარების წესს კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სამართალდამრღვევს ჯარიმის გადახდის ვალდებულება სწორედ ჩაბარების მომენტიდან ეკისრება და იმ შემთხვევაში თუ მძღოლი ჯარიმას 30 დღის ვადაში არ გადაიხდის, საურავი დაერიცხება. შესაბამისად, ჩაბარების მომენტის ზუსტად განსაზღვრა ჯარიმის ადრესატისთვის ქონებრივ შედეგებს იწვევს.
საადვოკატო ბიურო მოქალაქეებს აფრთხილებს თუ რა შემთხვევაში ითვლება „სითი პარკის“ ჯარიმა ჩაბარებულად. მათი ცნობით, ჯარიმის ჩაბარებას ახორციელებს არა უშუალოდ სითი-პარკი, არამედ ფოსტის უფლებამოსილი თანამშრომელი.
„თუ ადრესატმა უარი განაცხადა ჯარიმის ჩაბარებაზე, მის მიმართ კანონმდებლობის თანახმად იწყება იგივე პროცედურები, რაც ჯარიმის ფურცელზე ხელმოწერის შემთხვევაში – მძღოლს ჯარიმის გადახდისთვის ეძლევა 30 დღიანი ვადა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ჯარიმის ფურცლის ჩაბარების უფლებამოსილება აქვს დაჯარიმებული მძღოლის ოჯახის წევრსაც, იმ შემთხვევაში, თუ ის უარს იტყვის ჯარიმის ჩაბარებაზე, რამდენიმე დღის შემდეგ ჯარიმის ფურცელი კვლავ მიდის დაჯარიმებული მძღოლის იურიდიულ მისამართზე. ამის შემდეგ თუ მძღოლის ოჯახის წევრი უარს აცხადებს ჯარიმის ფურცლის ჩაბარებაზე, დამრღვევის მიმართ იწყება კანონით გათვალისწინებული პროცედურები და მას ეძლევა 30 დღიანი ვადა ჯარიმის გადასახდელად.
თუ პირი „სითი-პარკის“ 10 ლარიან ჯარიმას არ გადაიხდის 30 დღის ვადაში, მას დაეკისრება საურავი 150 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ მას დამატებით ეძლევა 30 დღიანი ვადა ჯარიმისა და საურავის გადასახდელად. ამ პერიოდის განმავლობაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაიწყება იძულებითი აღსრულება და საქმე გადაეცემა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
აღსანიშნავია, რომ ჯარიმის განთავსება მხოლოდ ავტომობილის საქარე მინაზე კანონით დადგენილი წესით ჩაბარებად არ ითვლება და ქონებრივ პასუხისმგებლობას არ წარმოშობს. ამასთან, ჯარიმა ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ დამრღვევთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრისათვის ჩაბარების შემთხვევაში, ამდენად თუ ფოსტის თანამშრომელი დოკუმენტს აბარებს თქვენს მეზობელს ან ფართში დროებით მყოფ პირს, ჯარიმაზე დარიცხული საურავის გაუქმების მიზნით შეგიძლიათ მიმართოს გასაჩივრების პროცედურებს,“- ნათქვამია ინფორმაციაში.