კახა კალაძე - რაც შეიძლება მეტი “პანორამა თბილისი” გვჭირდება

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქში „პანორამა თბილისის“ მსგავსი მეტი მასშტაბური პროექტის განხორციელებაა საჭირო. ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

”ქართული ოცნების” პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მომავალი მერი აღნიშნავს, რომ მერიის ახალი ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ბიზნესს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქალაქის განვითარებაში შეიტანს წვლილს.

„რაც შეიძლება მეტი „პანორამა თბილისი“ გვჭირდება. მეტი ასეთი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაა ქალაქში საჭირო, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, ყველამ ვიცით, რომ ახალი სამუშაო ადგილებია. ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელება ქმნის სამუშაო ადგილებს, როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მშენებლობის დასრულების შემდეგ. ზუსტად ამას ეწინააღმდეგებოდნენ ოპონენტები, სხვას არაფერს. იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ქალაქისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, ქვეყნის წინსვლისთვის და ამიტომ იყო ეს წინააღმდეგობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესს და ყველა ადამიანს, ვინც თითო აგურს დადებს ქალაქის განვითარებაში და ქვეყნის კეთილდღეობაში”, - აცხადებს კახა კალაძე.