უჰაერო, "დაბეტონებული" ქალაქი - რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე მეტად თბილისელებს

თბილისში დაახლოებით 1 120 000-მდე მოქალაქე ცხოვრობს. ქალაქის მოსახლეობის ნაწილს ყველაზე პრობლემატურად ავარიული შენობები, ახალი მშენებლობები, განათლების ინფრასტრუქტურა, გამწვანება, უსაფრთხოება და სოციალური დაცვა მიაჩნია.

შესაბამისი კვლევა ფონდმა "ღია საზოგადოება საქართველომ" ჩაატარა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "თბილისში არსებული ვითარების ზოგადი შეფასებისას რესპონდენტების 56% აცხადებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისი არასწორად ვითარდება. კვლევის ფარგლებში თბილისის 3 000 მოსახლე გამოიკითხა.

მართლაც, ქაოტური მშენებლობები, ავტომობილების რაოდენობა, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ჰაერის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია, ქალაქის მცხოვრებლებს დისკომფორტს უქმნის. ჩვენ სხვადასხვა უბანში მცხოვრებ მოქალაქეებს ვკითხეთ, ჩამოთვლილი პრობლემებიდან, ყველაზე მეტად რომელი აწუხებთ, გამოკვეთილი საკითხები კი სპეციალისტებმა შეაფასეს.

21 წლის ერეკლე ბავშვობიდან აღმაშენებლის გამზირზე ცხოვრობს. ამბობს, რომ ჰაერში ჟანგბადის არსებობას ვეღარ გრძნობს: "დაახლოებით 4 წელია, აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა, ამდენი ავტომობილი, გამონაბოლქვი და მშენებლობები... ქუჩები გაუმწვანებელია, ყველაფერი დაბეტონდა, არადა ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება ეშველოს, უბრალოდ ხელისუფლებამ უნდა მოინდომოს."

41 წლის ნინოსაც, რომელიც დაახლოებით 10 წელია, ვაკეში ცხოვრობს, იგივე პრობლემა აწუხებს. ამბობს, რომ გამწვანებას მხოლოდ კორპუსების აივნებზე თუ ნახავ:

"ჩემი კორპუსის წინ წიწვოვანი ხეები იდგა, ფაქტობრივად, ჭავჭავაძის გამზირის ფილტვები, რომლებიც გაჩეხეს და მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა დაიწყეს, თან იმდენად ახლოს, რომ ფანჯრები ერთმანეთს უყურებენ. გამწვანება არა, ხმაური, დაბინძურებული ჰაერი, მშენებლობები და ამის გამოსასწორებლად არაფერი კეთდება" - აღნიშნავს ნინო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უკანასკნელი კვლევა გვიჩვენებს, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში აზოტის დიოქსიდი ნორმაზე მაღალია:

"სექტემბერში დედაქალაქის 18 წერტილი გადავამოწმეთ, შედეგები დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიაში გავგზავნეთ და საბოლოო მონაცემები ევროკავშირის ნორმატივებს შევადარეთ. შედეგად, აზოტის დიოქსიდის დაბინძურება ნორმის ფარგლებში იყო გლდანის პირველ მიკროში, საბურთალოზე - ბენდელიანის ქუჩაზე და მზიურის პარკის ტერიტორიაზე. აზოტის დიოქსიდით ყველაზე მაღალი დაბინძურება დაფიქსირდა მელიქიშვილის ქუჩაზე, ასევე ავლაბრის მოედანზე, ტაშკენტის ქუჩასა და მეტროსადგურ "დელისთან", კინოსკოლის წინ, მარჯანიშვილის მოედანზე, დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩაზე, ვაკეში არაყიშვილის ქუჩაზე, მუხიანში გობრონიძის ქუჩასა და დიღომში მიქელაძის ქუჩაზე.

აღსანიშნავია, რომ ოზონისა და ბენზოლის მაჩვენებლის გადაჭარბება არსად არ ყოფილა, ნორმაზე გადაცდენა მხოლოდ აზოტის დიოქსიდის შემთხვევაში დაფიქსირდა, რაც რა თქმა უნდა, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვთანაა დაკავშირებული", - განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, მარინა არაბიძე.

მისივე განმარტებით, საშუალო წლიური მონაცემებით, ოზონის შემცველობა წერეთლის გამზირზე 1,4-ჯერ აღემატებოდა ნორმას, ხოლო 9-ჯერ ვარკეთილში.

რაც შეეხება მშენებლობებს, რომლებიც მწვანე საფარის შემცირების ძირითად მიზეზად იქცა, მათ დარეგულირებას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფი აპირებს. ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მერაბ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ არასწორი ურბანული განვითარების შედეგად, დედაქალაქის არაერთი უბანი ეკოლოგიური და უსაფრთხოების პრობლემების წინაშე დგას:

"განაშენიანების ინტენსივობის ზრდასთან ერთად, ერთმანეთთან შენობების სიახლოვეც იზრდება, რაც სახლების განიავებასა და განათებას პრობლემებს უქმნის. რაღაც დროის განმავლობაში ბინაში მზე აუცილებლად უნდა აღწევდეს, რაც ამ შემთხვევაში დარღვეულია. როცა მოსახლეობის რაოდენობა გადაჭარბებულია და შენობები ერთმანეთთან ნორმატიულზე ახლოს 10-12 მეტრში დგას, ბუნებრივია, იქ განათების კოეფიციენტები ნორმაში არ არის. ასევე არ შეიძლება, რომ სამ, ოთხ და ხუთოთახიანი ბინა ცალმხრივი ორიენტაციით იყოს და არასრულფასოვნად ნიავდებოდეს", - დასძენს მერაბ ბოლქვაძე. იხილეთ გაგრძელება