CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებლის გიორგი სვანიძის განცხადებით, „მირზა შაფის“ პროექტი მნიშვნელოვნად შემცირდა.
როგორც სვანიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ძირითადი პროექტი უკვე შეთანხმებულია და სავარაუდოდ, 1-2 თვეში სამშენებლო კომპანიებს შორის ტენდერი გამოცხადდება.
„პროექტი ფაქტობრივად განახევრდა, დაახლოებით, 35-40% მოაკლდა. გაკეთდა დიდი პიაცა, ჩანჩქერი, საზოგადოებრივი ადგილები. ძირითადად პროექტი უკვე შეთანხმებულია და ამ ეტაპზე სატენდერო პირობებზე მიდის მუშაობა. ვფიქრობთ, ფაქტობრივად ყველასგან მოწონებულია და უკვე 1-2 თვეში სავარაუდოდ ტენდერსაც გამოვაცხადებთ სამშენებლო კომპანიებისთვის,“-განაცხადა სვანიძემ.
როგორც არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, პროექტი გულისხმობს სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რომლის მართვას და ექსპლუატაციას მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორი ”კემპინსკი“ განახორციელებს.
დანიშნულების მიხედვით პროექტი მოიცავს: 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, ლუქს კლასის აპარტამენტებს, საცხოვრებელ, დასასვენებელ და გასართობ სივრცეებს; საქმიან სექტორს, საზოგადოებრივი და სავაჭრო ფუნქციებით.
„დაპროექტებული კომპლექსი წარმოადგენს ტერასულად დანაწევრებულ არქიტექტურას (მსგავსად ძველი თბილისის ბანიანი საცხოვრებელი სახლებისა). კომპლექსში შემოვიტანეთ რაც შეიძლება მეტი სიმწვანე, რომელიც გადანაწილდა ტერასებზე და ამ გამწვანებული ტერასებით დავაკავშირეთ უკანა ეზო საკადასტრო საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიასთან, სადაც მოეწყო საერთო სარგებლობის პარკი-რეკრეაციული ზონა,“-ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.