კობა გვენეტაძე - ლარის კურსთან დაკავშირებით ბევრი ფუნდამენტური ფაქტორი მოქმედებს, თუმცა მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება შეუძლებელია

ლარის კურსთან დაკავშირებით ბევრი ფუნდამენტური ფაქტორი მოქმედებს, თუმცა მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირებაზე ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას.

”არის ფაქტორები, რომლებიც შეიძლება დღეს შევნიშნოთ და არის ფაქტორები, რომლებიც შეიძლება დღეს ვერ შევნიშნოთ და გარკვეული პერიოდის შემდეგ შევნიშნოთ. როდესაც გვინდა, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, რა ფაქტორებმა იმოქმედა, ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ საგადასახდელო ბალანსს შევხედოთ. მოგეხსენებათ, საგადასახდელო ბალანსი არის ის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელსაც გარკვეულწილად დაგვიანებით ვიღებთ და შეუძლებელია სრული ანალიზის გაკეთება ამ ინფორმაციის არქონის შემთხვევაში. ზოგადად, თუ დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ, ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესებულია, ექსპორტი კარგად იზრდება, ასევე იზრდება ფულადი გადმორიცხვები, თუმცა საგარეო შოკამდე არსებული დონისთვის კიდევ არ მიუღწევია ამას. ასევე იზრდება შემოსავლები ტურიზმიდან, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორები და ერთ-ერთი მათგანი არის მოლოდინები. მე ზოგადად მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ კურსთან დაკავშირებით ბევრი ფუნდამენტური ფაქტორი მოქმედებს, თუმცა მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია", - განაცხადა გვენეტაძემ.