“ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ “ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. კანონპროექტი, რომლის ავტორიც პარლამენტის წევრი რევაზ არველაძეა, უკვე პარლამენტშია ინიცირებული.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, წარმოდგენილი ცვლილებებით მარეგულირებელი კომისიის წევრად არჩევის კრიტერიუმები დაიხვეწება.
კერძოდ, კომისიის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება.
კანონპროექტის თანახმად, კომისიის ორი წევრი პროფესიით ენერგეტიკის სპეციალისტი, ერთი გაზმომარაგების სპეციალისტი და ერთიც წყალმომარაგების სპეციალისტი უნდა იყოს. ასევე, გარდა ჩამოთვლილი დარგის სპეციალისტებისა, შესაძლებელია (დასაშვებია) რომ „სემეკის“ ერთი წევრი პროფესიით ეკონომისტი ან იურისტი იყოს.
„აღნიშნული სპეციალისტები უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი დონის პროფესიონალიზმით და პატიოსნებით. თუ კომისიის წევრს თანამდებობა ვადაზე ადრე შეუწყდა, გათავისუფლდა თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე ან იწურება თანამდებობის დაკავების ექვსწლიანი ვადა, კომისიის წევრის ან წევრების ხელახალი არჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს, ზემოთ ჩამოთვლილი თანამდებობის დაკავებისათვის დადგენილი კრიტერიუმები. ეს რეგულაცია არ მოქმედებს ამჟამინდელ მოქმედ კომისიის წევრებზე მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ან ვადაზე ადრე შეწყვეტამდე,“- ნათქვამია განმარტებიტ ბარათში.