საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და 13 მოსამართლეზე 2017 წლის 1-ელი იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, 1 140 208 ლარის თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაიცა.
ამის შესახებ ნათქვამია „ინტერპრესნიუსის“ მიერ უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაში.
ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სასამართლოს ბიუჯეტიდან 129 166 ლარის დანამატი მხოლოდ ერთ თვეში – ივლისში გაიცა. მათ შორის, ხუთმაგი ოდენობის დანამატი – 14 829 ლარი 5-მა მოსამართლემ: ბესარიონ ალავიძემ, ეკატერინე გასიტაშვილმა, პაატა სილაგაძემ, პაატა ქათამაძემ და სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილმა მიიღეს.
13 959 ლარი – გიორგი შავლიაშვილს, ხოლო 12218 ლარი ზურაბ ძლიერიშვილს აქვს აღებული. ამავე თვეში უზენაესი სასამართლოს წევრმა ნინო ბაქაქურმა 8 456 ლარი მიიღო, 6 218–6 218 ლარი მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ, 5 573 ლარი - მზია თოდუამ, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ 3 203 ლარი მიიღო.
აღსანიშნავია, მოსამართლეებს – ბესარიონ ალავიძეს, ეკატერინე გასიტაშვილს, პაატა სილაგაძეს, პაატა ქათამაძეს და სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ვასილ როინიშვილს, ივლისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანამდებობრივი სარგოც აქვთ აღებული. კერძოდ, ბესარიონ ალავიძეს, პაატა ქათამაძეს და ეკატერინე გასიტაშვილს 11 727 –11 727 ლარი, ხოლო პაატა სილაგაძეს – 11 194 ლარი, ვასილ როინიშვილს – 10 431 ლარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამავე მოსამართლეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6000 ლარია.
რაც შეეხება სხვა მოსამართლეებს, მათ თანამდებობრივ სარგოსთან (6 000 ლარი) ერთად, ყოველთვიურად დანამატის სახით 2953 ლარი ეძლევათ. თუმცა, გამონაკლისია რამდენიმე მოსამართლე, მათ შორის: ნინო ბაქაქური, მზია თოდუა და ნუგზარ სხირტლაძე. კერძოდ, ბაქაქურმა იანვარში 8 953 ლარის დანამატი, ხოლო მზია თოდუამ იანვარსა და სექტემბერში 3 053 ლარის დანამატი აიღო. ნუგზარ სხირტლაძეს კი, 2017 წლის აპრილში 11 552 ლარის დანამატი და 11 700 ლარის თანამდებობრივი სარგო აქვს მიღებული.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს სამმაგი ოდენობის დანამატი მხოლოდ იანვარში – 10 203 ლარი მიიღო. დანარჩენ თვეებში, გვენეტაძეს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად დანამატის სახით მხოლოდ 3 203 ლარი აქვს აღებული.
რაც შეეხება სასამართლოდან მიღებულ შემოსავლებს, ყველაზე მაღალი შემოსავალი თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს აქვს. კერძოდ, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, გვენეტაძემ 98 833 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან 35 827 ლარის დანამატი და 63 006 ლარის თანამდებობრივი სარგო.
94 648 ლარი მიიღო სასამართლოს წევრმა მზია თოდუამ, ხოლო 7 მოსამართლეს (ბესარიონ ალავიძეს, ნინო ბაქაქურს, მაია ვაჩაძეს, ნუგზარ სხირტლაძეს, პაატა სილაგაძეს, გიორგი შავლიაშვილს და ზურაბ ძლიერიშვილს) 89 848 –89 848 ლარი აქვთ აღებული.