სასამართლომ ნორმა, რომელიც კერძო დაზღვევაში ჩართულ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას უზღუდავდა, არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს მთავრობის ის დადგენილება, რომელიც, 2013 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართულ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულად სარგებლობის უფლებას უზღუდავდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის მიხედვით, უთანასწორო მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სრულად მოსარგებლე პირები და, პირები, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო აღარ არიან ჩართული კერძო სადაზღვევო სქემებში. აღნიშნულ კატეგორიაში მყოფ პირებს უფლება ჰქონდათ, ესარგებლათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მხოლოდ შეზღუდული მოცულობით.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირების გამართლებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის შესაძლო გაზრდის საფრთხეზე მითითება ვერ ჩაითვლება დიფერენცირების რაციონალურობის დასაბუთებად.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის კატეგორიაში მყოფ პირებს შესაძლებლობა არ აქვთ, ისარგებლონ იმ სამედიცინო მომსახურებით, რომელიც წარმოადგენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დროულად აღმოჩენისა და ეფექტური პრევენციის პირველ ეტაპს. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მსგავსი კატეგორიის პირებისათვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება სრულად ანაზღაურდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ვალდებული ხდება, გასწიოს იმავე ან გაცილებით დიდი ოდენობის ხარჯი.

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციართა ხელოვნურ გადინებასთან დაკავშირებით.

სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება შესაძლებელია კერძო სადაზღვევო სექტორთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობისა და სფეროს უკეთ რეგულირების გზით.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს კერძო დაზღვევით სარგებლობას და, იმავდროულად, მხოლოდ ნაწილობრივ სარგებლობს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებით, მას ფაქტობრივად სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ ეძებოს დაფინანსების ალტერნატიული წყაროები ან საერთოდ უარი თქვას მკურნალობაზე გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის დადგომამდე. პირთა მსგავსი კატეგორიისათვის საბაზისო პაკეტით მხოლოდ შეზღუდულად სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭება ობიექტურად ვერ მოემსახურება კერძო სადაზღვევო სექტორის დაცვას და იწვევს დაუსაბუთებელ დიფერენცირებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის სადავოდ გამხდარი ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქე როინ გავაშელიშვილის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე მიიღო.