ჯემალ ინაიშვილი - ციფრული ეკონომიკა ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება და ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი

ციფრული ეკონომიკა მომავლის ეკონომიკაა და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.

ამის შესახებ აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) პრეზიდენტმა ჯემალ ინაიშვილმა ტალინში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმზე ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა ბევრ ინდუსტრიასთან ერთად, დიჯიტალიზაცია აქტიურად შემოდის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინდუსტრიაში და ამ მხრივ გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება.

„თუმცა, ციფრული ეკონომიკა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც უნდა ინერგებოდეს, იგივე პროცესები უნდა მიმდინარეობდეს, რომ გამარტივებული წესებით შევძლოთ ვაჭრობა და ტვირთების სწრაფად და უპრობლემოდ გადაადგილება. იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსპორტი და ლოგისტიკა ვაჭრობის ერთ-ერთი მთვარი კომპონენტია, ამ ინდუსტრიის გაციფრულება ამარტივებს ვაჭრობას და ხსნის ბარიერებს. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ საქართველო ასე ფართოდ არის წარმოდგენილი ამ ფორუმზე. ესტონეთი არის ერთ-ერთი ლიდერი და ჩვენ ბევრი უნდა ვისწავლოთ ესტონეთისგან“, - აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.

CACCI-ის პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ბევრი დადებითი ნაბიჯი გადადგა დიჯიტალიზაციის მიმართულებით, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება.

„არის ფაქტორები, რომელიც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ არის ფაქტორები, რომლებიც მხოლოდ ჩვენზე არ არის დამკიდებული. როდესაც ვხედავთ ეკონომიკის ვარდნას აზერბაიჯანში ნავთობის ფასის ვარდნიდან გამომდინარე, ეს ჩვენზეც აისახება, ჩვენს ნავსადგურებზე და სატრანსპორტო კორიდორზეც. ზოგადად რეგიონში არის ეკონომიკური აქტივების შემცირება, რაც პირველ რიგში აისახება ლოგისტიკურ ბიზნესზე და შესაბამისად აქედან გამომდინარეობს ამ საქართველოს ლოგისტიკური ინდექსის კლებაც“, - აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.