თბილისის არჩეული მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით მოხდება.
როგორც კალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისივე თქმით, მძიმე მდგომარეობაა მეტროს სადგურების კუთხით და მათი რეაბილიტაცია განხორციელდება.
„ქალაქის ურბანული განვითარება არის პრიორიტეტული მიმართულება, რადგან მასში შედის ეკოლოგიაც, ტრანსპორტის მოწესრიგებაც. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება მოხდება მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ გვინდა არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. გვინდა მაქსიმალურად კომფორტული და პოპულარული გახდეს მგზავრებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დაგეგმილი გვაქვს მეტროს სადგურების რეაბილატაცია და ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა“, - აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობა, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, არც თუ ისე სახარბიელოა. „შესაბამისად, მცირე და საშუალო სკვერების მოწესრიგება მოხდება, დიდი პარკების რეაბილიტაცია განხორციელდება და ამას ემატება დენდროლოგიური პარკი.
მოხდება „მზიურის“ პარკის რეაბილიტაცია, რომელსაც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ სერიოზული ზიანი მიადგა. ზოგადად, ჩვენ მოვაწესრიგებთ ქალაქის მწვანე საფარს. თუ დააკვირდებით, არსებულ სკვერებსა და ბაღებს, გრუნტი მწვანე საფარის გარეშეა და ერთი ქარის ამოვარდნა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ხდება გამტვერიანება, რომელსაც ვსუნთქავთ ჩვენ და ჩვენი შვილები“, - განაცხადა კალაძემ.