მსოფლიო სავალუტო ბაზარზე, ამ თვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაა.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ ბანკი ევროზე საპროცენტო განაკვეთს უცვლელად დატოვებს, თუმცა მთავარი ისაა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროზონის ეკონომიკის სტიმულირების პროგრამასთან დაკავშირებით.
მოქმედი პროგრამა (QE - რაოდენობრივი შემსუბუქება), რომელიც თვეში 60 მილიარდი ევროს აქტივების შესყიდვას ითვალისწინებს, დეკემბრამდე მოქმედებს. ECB-ს პრეზიდენტმა, მარიო დრაგიმ ივლისში განაცხადა, რომ ბანკი მონეტარული პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას შემოდგომაზე მიიღებდა. სექტემბერში კი დააკონკრეტა, რომ ოქტომბრიდან არაერთი გადაწყვეტილება გამოქვეყნდებოდა. ახლა სწორედ ამის დრო დადგა.
იმის გამო, რომ ევროზონში ეკონომიკას გაჯანსაღება აშკარად დაეტყო, ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ დროა, ECB-მ სტიმულირების პროგრამას გადახედოს. რა თქმა უნდა, მის მკვეთრად შეჩერებას არავინ მოელის. ანალიტიკოსთა უმეტესობა ვარაუდობს, რომ აქტივების შესყიდვების მოცულობა 60 მილიარდი ევროდან 45 მილიარდამდე შეიკვეცება. აზრი იყოფა, როცა ლაპარაკია იმაზე თუ რამდენი თვის განმავლობაში გაგრძელდება პროგრამა. სხვადასხვა შეფასებით, პროგრამა 6-9 თვე კიდევ იმუშავებს.
ECB-სთან დაახლოებული წყაროები ირწმუნებიან, რომ ბანკი პროგრამას 9 თვით გააგრძელებს. გადასაწყვეტი მხოლოდ ისაა, ყოველთვიური შესყიდვების მოცულობა 25 მილიარდი ევრო იყოს, თუ - 40 მილიარდი. ამ ინფორმაციის მიხედვით, საერთოდ არაა ლაპარაკი იმაზე, რომ ECB შესყიდვების მოცულობას უცვლელად დატოვებს.
თავის წინა გამოსვლისას, დრაგიმ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ECB სტიმულირების პროგრამას ახლანდელი მოცულობით გააგრძელებდა კიდეც. ამჟამად მთავარი საკითხი სწორედ ისაა, შენარჩუნდება თუ არა შესყიდვების მოცულობა 60 მილიარდი ევროს დონეზე. ECB-ს გერმანელ წევრებს პროგრამის დასრულება სურთ, თუმცა დრაგისგან ასეთი გადაწყვეტილება ძნელი წარმოსადგენია.
ექსპერტთა შეფასებით, შეიცვლება როგორც შესყიდვების მოცულობა, ასევე სტიმულირების პროგრამის ვადები (ეს გარდაუვალია). მთავარი, რაც სავალუტო და საფონდო ბაზრებზე რყევებს გამოიწვევს, ის მინიშნებები გახდება, რომლებიც შესაძლოა, დრაგიმ თვისი გამოსვლისას გააკეთოს. თითქმის გამორიცხულია, რომ დრაგიმ ევროზე საპროცენტო განაკვეთის პირველი აწევის სავარაუდო დროც გამოაცხადოს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ECB ევროზე საპროცენტო განაკვეთის აწევის პროცესს, 2019 წელზე ადრე არ დაიწყებს.
მერაბ ლორთქიფანიძე