შვეიცარიის წყლის მეცნიერების და ტექნოლოგიების სახელმწიფო ინსტიტუტის მკვლევარების გათვლით, ყოველწლიურად შვეიცარიის გამდინარე წყლებში, დაახლოებით 43 კილოგრამი ოქრო (რაც დაახლოებით 1.8 მილიონი დოლარი ღირს) იკარგება.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გამდინარე წყლებში ოქროს კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია სამხრეთით, ტიჩინოს რეგიონში და შესაბამისად, იქ მისი მოპოვება ყველაზე რენტაბელურიც იქნება. ეს გარემოება იმით აიხსნება, რომ ამ რეგიონში ოქროს გადამამუშავებელი რამდენიმე საწარმო მუშაობს.
კვლევისას ქვეყანაში მომუშავე წყლის გამწმენდი 64 საწარმო შემოწმდა. ოქროს გარდა, გამდინარე წყლებში ასევე დაახლოებით 3 000 კილოგრამი ვერცხლი აღმოაჩინეს, რომლის ფასიც 1.7 მილიონი დოლარის ფარგლებშია. წყალში ვერცხლი ძირითადად ქიმიური და სამედიცინო წარმოებიდან ხვდება.
ცნობისათვის, შვეიცარია მსოფლიოში ოქროს გადამამუშავებელი ყველაზე დიდი ჰაბია. იქ ოქროს მსოფლიო წარმოების თითქმის 70 პროცენტია თავმოყრილი.