ხუდონჰესის პროექტზე მიმდინარეობს კვლევა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი რა ფორმით მოხდება მისი განვითარება , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ხუდონჰესის პროექტზე მიმდინარეობს კვლევები. ჩვენ კიდევ ერთი ინვესტორისგან ველოდებით წინადადებას. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა ფორმით მოხდება მისი განვითარება", - განაცხადა ელოშვილმა.
"ხუდონჰესის" პროექტის განხორციელებაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს, თუმცა ინვესტორი კომპანია" ტრანს ელექტრიკა" ამ დრომდე მისი მშენებლობის დაწყებას ვერ ახერხებს. ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ მთავრობამ "ხუდონჰესის" პროექტის გამოსყიდვა გადაწყვიტა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გამოისყიდის თუ არა სახელმწიფო ამ პროექტს. ასევე საუბარია იმაზეც, რომ „ხუდონჰესის“ მშენებლობა სახელმწიფომ ინვესტორ კომპანიასთან ერთად განახორციელოს.