თბილისის რომელ ქუჩებში ჩატარდება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში (ქუჩებში) ჩატარება 2018 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება.

ამის შესახებ, მიმდინარე წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. როგორც გასულ თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აცხადებდნენ, პროექტირების სამუშაო უკვე დასრულებული იყო და განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.

მართალია, დედაქალაქის ქუჩები, სადაც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩატარება იქნება ნებადართული ამ დრომდე არ დასახელებულა, თუმცა, „ბიზნესპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა თბილისის ორი ქუჩა, სადაც მოქალაქეებს მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში მოუწევთ.

ჩვენი ინფორმაციით, ეს ლოკაციებია - ღვინის აღმართი და გმირთა მოედანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გმირთა მოედანზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, მძღოლის მიერ სწორ მანევრირებას, ხოლო ღვინის აღმართზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ავტომობილი არ ჩაქრეს.

თაია არდოტელი