„ინტერვიუს ეს ნაწილი შეინახეთ და ათი წლის შემდეგ გამოაქვეყნეთ“ - დავით ნარმანია „პანორამა თბილისზე“

„ინტერვიუს ეს ნაწილი შეინახეთ და ათი წლის შემდეგ გამოაქვეყნეთ, თუ რა თქვა ქალაქის მერმა, რომელმაც მშენებლობის ნებართვა გასცა“. განაცხადა დავით ნარმანიამ „პანორამა თბილისის“ შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ.

ნარმანიამ მერის თანამდებობაზე 3-წლიანი მუშაობა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას შეაჯამა.

„ინტერვიუს ეს ნაწილი შეინახეთ და ათი წლის შემდეგ გამოაქვეყნეთ, თუ რა თქვა ქალაქის მერმა, რომელმაც მშენებლობის ნებართვა გასცა, თან საზოგადოების განწყობაც გამოიკითხეთ. დღემდე ვისმენთ თითზე დახვეულ, ძალიან ზოგად მოსაზრებებს, რომ თითქოს ”პანორამა თბილისის” მშენებლობით ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება. რომელიმე ძეგლი დაინგრა? რომელიმე ძეგლს ”პანორამა თბილისი” ამოეფარა? რომელიმე ძეგლთან მიმართებაში უხეში ჩარევა მოხდა? ამის გაკეთებამ სადმე ტრანსპორტის ნაკადი შეაფერხა? რა მოხდა ამისთანა, რომ რამდენიმე ექსპერტი მუდმივად ამბობს, რომ ჩვენი ქალაქისათვის ”პანორამა თბილისი” არის ცუდი. არც არაფერი მომხდარა! არც ერთი ძეგლი არ დანგრეულა! არც ერთ ძეგლს არ ამოფარებულა! ძალიან ბევრ ქალაქში კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე მშენებლობები ერთმანეთს ერწყმის. სწორედ ამ სინთეზით ხდება საინტერესო და ცოცხლდება ქალაქის ასეთი უბნები, როცა ძველი არის შენარჩუნებული - ტურისტები მიდიან, ათვალიერებენ, სურათებს იღებენ და ასევე, საქმიანი ადამიანები საქმეს აკეთებენ. როცა საუბარია იმაზე, რომ ”ცეკავშირის” საბჭოთა შენობის ტერიტორიაზე თანამედროვე სასტუმრო დაიდგას და მეორე მხრივ, სოლოლაკის მაღლობზე ქედის იქეთ შენობა აშენდეს, ხოლო ქედს აქეთ იქნება ამ ნაგებობის გამწვანებული და ძალიან კარგი ხედი, როცა ჩვენს რეგიონში ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტისა და ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე ცენტრი, სადაც უამრავი საერთაშორისო, მაღალი კლასის ღონისძიება შეიძლება ჩატარდეს, სადაც მშენებლობის პროცესში 3 000-მდე ადამიანი დასაქმდა და ერთი ამდენი მომავალში დასაქმდება, სადაც 500-მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია იდება, რაც ქალაქისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბიძგია, რატომ არ უნდა გაცემულიყო მშენებლობის ნებართვა და ასეთი პროექტი რატომ არ უნდა განვითარებულიყო? თუ არც არაფერი ირღვევა, თუ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი გვაქვს და საბოლოო ჯამში, დასაქმებული ადამიანები კმაყოფილი იქნებიან, რატომ უნდა გვეთქვა უარი? კიდევ ერთხელ გთხოვთ, ინტერვიუს ეს ნაწილი ათი წლის შემდეგ უცვლელად გამოაქვეყნოთ - ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენ სწორს ვამბობდით და სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. თუ ეს ასე არ იქნება, მზად ვარ, ვაგო პასუხი,“-განაცხადა ნარმანიამ.