"ეროვნული ბანკის გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს, რომ ყოველწლიურად იზრდება კომერციული ბანკების მოგება"
მხოლოდ გასული ერთი კვირის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 7 თეთრით გაუფასურდა, ევროს მიმართ კი ლარმა გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი აჩვენა - 1 ევროს ღირებულება 3 ლარს გადასცდა. ლარის გაუფასურებაში ოპოზიცია კვლავ ხელისუფლებას ადანაშაულებს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, მმართველი გუნდი პასუხს ეროვნულ ბანკს სთხოვს, რაზეც ამ უკანასკნელის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ექსპერტების ნაწილი ბანკების მხრიდან ლარის კურსზე ზემოქმედების მიზნით შესაძლო სპეკულაციებზე ლაპარაკობს და ამ საკითხით დაინტერესებას პროკურატურისგან ითხოვს.
ვაჟა კაპანაძე, ეკონომიკის ანალიტიკოსი:
- ლარმა, ფაქტობრივად, გაუფასურება დაიწყო მოქმედი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის, ანუ 2012 წლის შემდეგ და ამას ეროვნული ბანკის მონაცემებიც ცხადყოფს. ადრე მოქმედებდა ბანკთაშორისი ბირჟა, სადაც მიმდინარეობდა სავალუტო ოპერაციები, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვა. 2009 წლიდან ეტაპობრივად მოხდა "ბლუმბერგის" პლატფორმაზე გადასვლა, თუმცა, იმ დროს საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო - როგორც კომერციული ორგანიზაციებისგან, ასევე სახელმწიფოც მოიზიდავდა დიდ ფინანსურ ნაკადებს უცხოურ ვალუტაში. ამიტომ, ლარის კურსი დოლარის მიმართ იმ დროს დაახლოებით 1,40 ლარის ფარგლებში იყო და გამყარების ტენდენციით ხასიათდებოდა. თუმცა, ეს ისეთი არაბუნებრივი იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უშლიდა ხელს და სავარაუდოდ, საფინანსო ორგანიზაციების რჩევით, ერთ დღეში კურსმა 1,40-დან 1,69-მდე აიწია. ეს იყო წმინდა წყლის ადმინისტრაციული ზემოქმედება ლარზე მისი გაუფასურების მიზნით, რასაც შემდეგ "შავი პარასკევი" შეარქვეს. კურსის შენარჩუნება დაახლოებით ამ დიაპაზონის ფარგლებში დიდხანს მოხერხდა.მოქმედი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, დოლარის მიმართ ლარის კურსმა გაუფასურება დაიწყო, რაც თითქოსდა ბრალდებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესა და მის არასწორ მონეტარულ პოლიტიკას, როცა ის დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხებს აწვდიდა კომერციულ ბანკებს. გიორგი ქადაგიძის შეცვლის შემდეგ ლარმა სწრაფი გამყარება დაიწყო და 2,50-იანი ნიშნულიდან 2,20-მდე ჩამოვიდა, რამაც საზოგადოებაში ოპტიმიზმიც გააჩინა, რომ ლარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა და რამდენიმე თვეში ლარმა კვლავ დაიწყო გაუფასურება და მოძრაობა 2,50-იანი ნიშნულისკენ.
- რით ხსნით ამას? რა ფაქტორები ახდენდა გავლენას ამ პროცესზე?
- ერთ საინტერესო გარემოებას მინდა მიაქციოთ ყურადღება - რატომღაც ოქტომბრის ბოლოდან და ნოემბრის დასაწყისიდან კურსი გაუფასურებისკენ იცვლება. ამის მიზეზები ქვემოთ ავხსნათ, მანამდე კი რამდენიმე ფაქტი გავიხსენოთ: ახლაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის გაუფასურების მიზეზად საგარეო ფაქტორები მოჰყავს. მან თქვა, რომ ჯერ კიდევ არ არის ამოწურული ეგზოგენური ფაქტორების ზეგავლენა ეკონომიკაზე და ამიტომ დაიწყო ლარმა გაუფასურება. ეგზოგენურ ფაქტორებში ის საგარეო შოკებს გულისხმობს. ამ თეზას თუ დავუჯერებთ, მაშინ გამოდის, რომ გარე შოკები სულ მოქმედებდა მთელი წლის განმავლობაში და მათ უფრო მეტი გავლენა უნდა მოეხდინა წლის დასაწყისში, ვიდრე მიწურულს, რადგან ახლა სახეზე გვაქვს ბევრი მაკროეკონომიკური პარამეტრის გაუმჯობესება.მაშინ რა გამოდის? - გარე ფაქტორებმა ეკონომიკაზე პოზიტიურად იმოქმედა, ხოლო ლარის კურსზე ნეგატიურად? გამომდინარე აქედან, ლარის გაუფასურების მიზეზად გარე ფაქტორების დასახელება თითიდან გამოწოვილი ფაქტორია.
- ექსპერტების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ლარის გაუფასურებაში დამნაშავეა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, ტურისტული სეზონის დასასრული, საარჩევნოდ დახარჯული ფული, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილის გააქტიურება წლის ბოლოს და სხვა...
- ექსპერტების ნაწილი, რომელიც ლარის გაუფასურებას არჩევნებს აბრალებს, ვფიქრობ, განსაზღვრული პოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობს. ეს ადგილობრივი არჩევნები იყო და მასში იმხელა ფინანსური რესურსი არ მონაწილეობდა, რომ ლარის კურსზე მოეხდინა გავლენა. ასეც რომ ყოფილიყო და ასეულობით მილიონიც რომ დაეხარჯათ პარტიებს წინასაარჩევნოდ, ეს ლარის კურსზე არჩევნების მეორე დღეს კი არ აისახებოდა, არამედ მანამდეც ექნებოდა გავლენა, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. იგივე შეიძლება ითქვას ტურისტულ სექტორზეც. ერთ დღეს ხომ არ შეწყვეტილა ტურისტების შემოდინება საქართველოში, რომ ამას მყისიერი გავლენა ჰქონოდა კურსზე? ეს ფაქტორები, შესაძლოა, თავისთავად, გარკვეულწილად მოქმედებდნენ კიდეც, მაგრამ არა 4 დღეში 7-8-თეთრიანი გაუფასურების ეფექტით. ასეთ მყისიერ გავლენას ლარი-დოლარის გაცვლით კურსზე ვერც ტურისტული და ვერც პოლიტიკური ფაქტორი ვერ მოახდენდა და ვერც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი.როცა ფუნდამენტურ ფაქტორებზეა ლაპარაკი, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი ქვეყანაში გაუმჯობესებულია, ასევე გაუმჯობესებულია ინვესტიციების შემოდინება, ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის პერიოდთან შედარებით გაზრდილია. სწორედ ამ ფონზე იბადება შეკითხვა - მაშინ რა ხდება?
ჩემი შეფასებით, აქ ადამიანური ფაქტორებია საძებარი და არა ეკონომიკური. ლაპარაკია ადამიანების მიერ მოფიქრებულ სქემებზე, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ "ბლუმბერგის" პლატფორმაზე უფრო დომინირებს კორპორაციული ინტერესი, ვიდრე სახელმწიფო. მხედველობაში მაქვს ის, რომ იქ პოლიტიკას წარმართავენ კორპორაციები, ანუ ბანკები, რომლებიც ამ პლატფორმის მონაწილეები არიან და არა სახელმწიფო, ანუ ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკის გავლენა "ბლუმბერგის" პლატფორმაზე, ფაქტობრივად, ნიველირებულია. სულ ერთი წამით დაფიქრდით, სურს თუ არა ნებისმიერი სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს იცოდეს, როგორი გაცვლითი კურსი იქნება მეორე დღეს? რა თქმა უნდა, მისთვის ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, რათა სწორად დაგეგმოს გაცვლითი ოპერაციები და მეტი მოგება ნახოს. შესაბამისად, თუ ვინმეს ხელეწიფება ლარის ხვალინდელი კურსის განსაზღვრა, რატომ არ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას?
არ ვამბობ, რომ ეს საქმიანობა კრიმინალია, მაგრამ ადმინისტრაციული წესით მაინც უნდა იყოს დასჯადი. გახსოვთ, ალბათ, შარშან მსოფლიოს 5 უმსხვილესი ბანკი 5,7 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა სავალუტო გაცვლითი კურსით მანიპულირებისთვის. რატომ არ გააკეთებენ საქართველოში ბანკები იმავეს, როცა ამის სრული ბერკეტი აქვთ, მით უფრო, რომ 16 კომერციული ბანკისგან მხოლოდ სამშია თავმოყრილი აქტივების თითქმის 90%. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს სასურველი კურსის ჩამოყალიბება "ბლუმბერგის" პლატფორმაზე. იმის თქმა კი არ მინდა, რომ ეს პლატფორმა ცუდია, პირიქით, ეს არის უფრო ოპერატიული, დემოკრატიული, მოქნილი სისტემა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მისი ოპერატორები კეთილსინდისიერი მოთამაშეები არიან და ამავე დროს ეროვნული ბანკი სათანადოდ აკონტროლებს მათ ქცევას ამ სისტემაში. გამომდინარე აქედან, თუ ამ სისტემაში ტრანზაქციები სათანადოდ არ კონტროლდება, ყოველთვის მოსალოდნელია პლატფორმის სათავისოდ გამოყენება. ამ გარიგებებისა და სპეკულაციების შესაძლებლობას რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას, შესასწავლია ფულის მოძრაობა "ბლუმბერგის" პლატფორმაზე.
- ვინ უნდა შეისწავლოს ეს ტრანზაქციები?
- რა თქმა უნდა, ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის მთავარი ინფლაციაა. არადა, ეს ფუნქციაც ვერ შეასრულეს, რადგან ინფლაციის მაჩვენებელი უკვე 6,2%-ია, ხოლო მიზნობრივი მაჩვენებელი - 4%. იმავდროულად, ლარის კურსი გარბის და ინფლაციაც, და მეტი რა ფუნქცია დარჩა ეროვნულ ბანკს? დარჩა მხოლოდ საბანკო ზედამხედველობა და ამასაც არ ახორციელებს. ვფიქრობ, პროცესი, რომელსაც ლარის კურსთან დაკავშირებით ადგილი აქვს თითქმის ყოველი წლის მიწურულს, კვალიფიციურ შესწავლას საჭიროებს. დროა, ამ პროცესებით "ბლუმბერგის" სისტემაში ბანკების ფულადი ტრანზაქციებით პროკურატურა დაინტერესდეს.ამისთვის შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა დასჭირდებათ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ პასუხი შეკითხვაზე, იდება თუ არა ამ ელექტრონულ პლატფორმაზე არაკეთილსინდისიერი, ფიქციური გარიგებები და ხდება თუ არა ხელოვნურად კურსზე თამაში.
- კონკრეტულად, რა სარგებელს ნახულობენ ამ პლატფორმის ოპერატორები კურსზე თამაშით?
- ახლა დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი. როცა ეროვნული ბანკის ახლანდელი ხელმძღვანელობა მოვიდა და კომერციულმა ბანკებმა არ იცოდნენ, რა პოლიტიკას გაატარებდა, ლარის კურსმა გამყარება დაიწყო. შემდეგ, როცა ეს ურთიერთობები ჩამოყალიბდა და მისი მიდგომები გაარკვიეს, კურსმა კვლავ დაიწყო გაუფასურება. როცა გამოძიებაზე ვლაპარაკობ, სწორედ ის არის გასარკვევი, თუ რომელი კურსი ურჩევნიათ მოცემულ მომენტში კომერციულ ბანკებს იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც მათ მიმართ აქვთ კლიენტებს და მათ აქვთ სხვების მიმართ. მოკლევადიანი სესხების გასტუმრება დაახლოებით ამ პერიოდში ხდება. შესაძლოა, დოლარის კურსი სწორედ იმიტომ იზრდებოდეს, რომ მეტი ლარი იყოს მოზიდული ამ სესხების გასასტუმრებლად. ეს რომ ის პერიოდი იყოს, როცა ბანკებს თავად აქვთ გასასტუმრებელი საერთაშორისო კრედიტორების ვალდებულებები, მაშინ პირიქით, დაინტერესებული იქნებოდნენ დაბალი კურსით, რათა მეტი დოლარი შეიძინონ ნაკლები ლარით.გარდა ამისა, ეროვნული ბანკის გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს, რომ ყოველწლიურად იზრდება კომერციული ბანკების მოგება. იცით, კიდევ რა არის საინტერესო - არსებობს განსაზღვრული კორელაცია ეკონომიკურ ზრდასა და კომერციული ბანკების მოგებას შორის. მაგალითად, როცა ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, კომერციული ბანკებიც მოგებას უნდა ნახულობდნენ და ეს ბუნებრივია, მაგრამ როცა კომერციული ბანკების მოგება ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით განისაზღვრება და ეკონომიკა მხოლოდ 4%-ის ფარგლებში იზრდება, ეს კითხვის ნიშნებს ბადებს. კომერციული ბანკები, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სისხლძარღვებია და მათ გარეშე ეკონომიკის ფუნქციონირება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მაგრამ ამ სისხლძარღვებს აქვს როგორც სტრატეგიული მნიშვნელობა, ასევე მასში წარმოქმნილ ერთ პატარა თრომბსაც კი მომაკვდინებელი მნიშვნელობა აქვს მთელი ეკონომიკისთვის. ამიტომ აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო.
არ ვამბობ, რომ კომერციულ ბანკებზე კომერციული ლაშქრობები უნდა დავიწყოთ, მაგრამ ყველამ პატიოსნად უნდა ითამაშოს ბაზარზე. კორპორაციულ ინტერესებს არ უნდა შევწიროთ სახელმწიფო ინტერესები და მოსახლეობა არ უნდა ჩავაგდოთ გაუსაძლის მდგომარეობაში. წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში არიან ისინი, ვისაც სესხი აქვთ დოლარში?! ალბათ, შიშით უყურებენ ყოველი კურსის გამოცხადებას.
ემა ტუხიაშვილი
წყარო: "კვირის პალიტრა"