ცოტა ხნის წინ საქართველოში გამოჩენილი აზიური ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს შეესია და მოსავლის განადგურება დაიწყო.
აღმოჩნდა, რომ საქართველოს ადრეც უტევდნენ სხვადასხვა სახეობის მავნებლები, რომლებიც ძირითადად მწვანე საფარს სპობდნენ.შესაბამისად, "დაუპატიჟებელი სტუმრები" დროდადრო მეცნიერების დაკვირვებისა და კვლევის ობიექტი ხდებოდნენ. რომელი მწერები ვრცელდებოდა მასობრივად საქართველოში და მათთან ბრძოლის რა მეთოდებს მიმართავდნენ სპეციალისტები, ამ თემაზე "კვირის პალიტრას" დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი, ენტომოლოგი არჩილ სუპატაშვილი ესაუბრა.
- გასულ საუკუნეებში საქართველოში მავნებლები ასერიგად არ იყო გავრცელებული და არც დიდი სამეურნეო ზიანი მოუტანიათ. დღეს კი მრავალი სახეობის მწერია, რომელთა მავნეობის შედეგები არაერთხელ აღურიცხავთ.
ჩვენს წიწვოვან ტყეებს ძირითადად ქერქიჭამიები უტევდნენ. XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოსა და 40-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ზოგიერთი რაიონის ნაძვის კორომებში მასობრივად გავრცელდა მეტად საშიში მავნებელი ექვსკბილა ქერქიჭამია, რომელმაც მოკლე დროში ასეულათასობით ძირი ხე გაახმო. სამამულო ომის დროს, 1941-45 წლებში, ექვსკბილა ქერქიჭამიამ საირმეში 1,6 მილიონი კუბმ ნაძვნარი გაახმო. დღეს იმ ტერიტორიას წითელ მინდორს ეძახიან, რადგან ნაძვები მავნებელმა გაახმო და გადააწითლა. მაშინ არ იყო ბიოპრეპარატები და მწერების განადგურება გაჭირდა, იძულებული იყვნენ, ქიმიური საშუალებები გამოეყენებინათ. ნაძვნარებში მწერები დღესაც არიან, მაგრამ მნიშვნელოვანი სამეურნეო ზიანის მოტანა არ შეუძლიათ. წიწვოვნებისთვის ქერქიჭამიებიდან ყველაზე საშიში ე.წ. მბეჭდავი ქერქიჭამიაა, რომელიც პირველად 1952 წელს გამოჩნდა მაიაკოვსკის (ახლანდელი ბაღდათის) სატყეო მეურნეობის წითელი მინდვრის უბანში. ქერქიჭამიას ერთ-ერთი სახეობა მარტო კენწეროზე მრავლდება და მას კენწეროს ქერქიჭამიას უწოდებენ.
ხეს იცავს გახევებული კანი - ქერქი, შემდეგ მოდის ლაფანი - რბილობი, რითაც ხეში საკვები ნივთიერება ფესვებიდან წვერომდე გადაადგილდება. როგორც კი მავნებელი ლაფანს დააზიანებს, შეჭამს, საკვების მოძრაობა შეწყდება და ხე წვეროდან იწყებს ხმობას.
არიან პირველი და მეორეული მავნე მწერები. პირველია, რომელიც საღ ხეზე დასახლდება, ლაფანს აზიანებს და 3-5 წელიწადში ახმობს. დასუსტებულ ხეზე სახლდებიან მეორეული მწერები - ხარაბუზები, პეწიანები, მემერქნიები და სხვები, რომლებიც ხმობას აჩქარებენ. ქერქიჭამიებს ხიდან ხეზე გადასახლებისას სოკოს სპორებიც გადმოაქვთ. სოკოვან დაავადებებს ფიტოპათოლოგია სწავლობს.
- როგორ ვებრძოლოთ პარაზიტებს?
- 50-70-იან წლებში საქართველოში მასობრივად გავრცელდა ნაძვის დიდი ლაფნიჭამია, რომელიც ხის ლაფანზე იზრდება. ის პირველად ბორჯომის რაიონის ე.წ. ხემომწვარას ნაძვნარებში გამოჩნდა (ის მეცნიერმა, მეტყევე-ენტომოლოგმა შალვა სუპატაშვილმა (მამაჩემმა) აღმოაჩინა. კვლევებით დადგინდა, რომ დიდი ლაფნიჭამია 1956 წელს ჩითახევის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის ციმბირიდან შემოზიდულ ფიჭვის გაუქერქავ მორებს შემოჰყვა. საზღვარზე გაუქერქავი მორების შემოტანა დაუშვებელია, მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, კარანტინი მოშლილია. ბორჯომის რაიონის ეკოლოგიური პირობები ოპტიმალური აღმოჩნდა ლაფნიჭამიას მოკლე დროში მასობრივად გასამრავლებლად. იქაურმა მავნებელმა, რომელიც რუსეთში ფიჭვს ჭამს, აკლიმატიზაცია განიცადა და საქართველოში ფიჭვზე კი არა, აღმოსავლურ ნაძვზეც დასახლდა და გეომეტრიული პროგრესიით გამრავლდა.ლაფნიჭამია თანდათან საქართველოს რეგიონებს მოედო და ნაძვები მასობრივად გაახმო. საქართველოს მთავრობამ ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლას გაუთანაბრა - შეიქმნა საგანგებო კომისია, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ გამოჩენილი მეცნიერები, სპეციალისტები, აკადემიკოსები, ამ ბრძოლაში ინსტიტუტიც ჩართეს. 1965 წელს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში შეიქმნა ლაფნიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური განყოფილება, წაღვერში კი სამსართულიანი ლაბორატორია აშენდა, სადაც თვეობით ვსწავლობდით მწერის ბიოლოგიას... მავნებლის ცხოვრება-განვითარებას თუ არ დააკვირდი და არ შეისწავლე, როგორ იბადება, ვითარდება, როგორ ცხოვრობს, მის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობ. მატლებს აქვთ განვითარების ფაზები
- კვერცხი, მატლი, ჭუპრი, პეპელა ან ხოჭო და უნდა იცოდე, რომელ ფაზაში როგორ ებრძოლო. იმ დროს ცუდი ვითარება შეიქნა, ბორჯომის წყლის გაქრობის საშიშროებაც კი დადგა (ხეები თუ გადახმებოდა და იქაურობა გახრიოკდებოდა, ცხადია, წყალიც გაქრებოდა). ქიმიური საშუალებით ყველა მწერს ვერ მოსპობ, ამიტომაც მამა რუსეთში წავიდა, დავით კობახიძე - ასევე დიდი მეცნიერი კი ჩეხოსლოვაკიაში და იქიდან ჩამოიყვანეს ლაფნიჭამიას ბუნებრივი მტერი - ენტომოფაგი, რიზოფაგუსი, მტაცებელი, რომელიც ცოცხალი ორგანიზმით - მატლით, ხოჭოთი და კვერცხით იზრდება. ჩვენმა ტყის დაცვის განყოფილებამ ლაბორატორიაში ეფექტური და ეკოლოგიურად მისაღები ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდები, კერძოდ, რიზოფაგუსის ხელოვნურად გამრავლების მეთოდიკა შეიმუშავა, რამაც მსოფლიო მოწონება დაიმსახურა და სატყეო ინსტიტუტის ბაზაზე, თბილისსა და წაღვერში ორი საერთაშორისო კონფერენცია გავმართეთ. შემდეგ ნაძვნარებში ჩავასახლეთ დიდი რიზოფაგუსის 4 მილიონზე მეტი ხოჭო, რომელმაც ინტენსიურად დაიწყო ლაფნიჭამიას განადგურება. მტაცებელი შევუშვით ხეებზე - ნაჯახით ქერქს მცირედ ავწევდით, შიგნით დედალ-მამალ სასარგებლო მწერს შევუშვებდით და მერე გაჭრილს ფისით ამოვგლესდით. ეს მწერი დიდი პროგრესიით მრავლდება - თითო დედალი ხოჭო 250 ცალ კვერცხს დებს. შედეგები ფრიად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. ლაფნიჭამია ჩვენს ნაძვნარებში კვლავ არის, მაგრამ მნიშვნელოვან სამეურნეო ზიანს არ იწვევს. რიზოფაგუსი ისე გამრავლდა, რომ ნაძვის დიდი ლაფნიჭამიას რიცხოვნობას არეგულირებს.
გასული საუკუნის 60-იან წლებში, კერძოდ, 1967 წელს, ხაშურში 200 ჰექტარი ნარგაობა გაშიშვლდა. ხელოვნურად გაშენებულ ტყეს გაუჩნდა ფიჭვის პარკხვევია, მწერი-დეფოლიანტი (ფოთლებისა და წიწვებისგან აშიშვლებს ხეებს). ხე თუ გაშიშვლდა, ის ვეღარ სუნთქავს და კვდება. იმხანად ქიმიური ბრძოლით მოისპო ეს მავნებელი.
- რთული დასადგენია, როგორ შემოდიან მავნებლები და რა არეალში ვრცელდებიან?
- ეს არც ისე რთულია. მაგალითად, 2007 წელს აფხაზეთიდან ჭადრის ბაღლინჯო გავრცელდა - ის პირველად ზუგდიდში ვნახეთ, თუმცა მწერმა "იმოგზაურა" და მთელ საქართველოს მოედო, ბოლოს თურქეთში გადავიდა. მწერმა დააზიანა საქართველოს ჭადრები. აცივებისთანავე ბაღლინჯო შედის ადამიანის საცხოვრებელ სახლებში, ბუდობს ტანსაცმელში და ასე იზამთრებს. გაზაფხულიდან ისევ მიაშურებს ჭადრებს. 2013 წლიდან დასავლეთ საქართველოში მასობრივად გავრცელდა ბზის ალურა. დადგინდა, რომ სოჭის ოლიმპიადისთვის შემოტანილ ბზის ნერგებს შემოჰყვა. ბზის ალურამ ბზა გაანადგურა სოჭშიც და მთელ საქართველოშიც. როგორც სპეციალისტს, ასეთი აგრესიული მავნებელი არ მინახავს. ბზის ალურას დამსახურებითა და ჩვენდა სავალალოდ, საქართველოში კოლხური ბზის ტყეები თითქმის აღარ არსებობს...წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 30 ოქტომბრის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად