საქართველოში ახალი iPhone X-ის ექსკლუზიური მოდელი 19 999 ლარად გაიყიდა.
როგორც ერთ-ერთ მაღაზიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ექსკლუზიური მოდელი გუშინ მიიღეს და გუშინვე გაიყიდა. ამასთან, მათი ცნობით, საიუბილეო iPhone X საქართველოს მოქალაქემ შეიძინა, თუმცა მის ვინაობას მაღაზიაში არ ახმაურებენ.
მასობრივად, iPhone X-ის გაყიდვები საქართველოში 5 ნოემბრიდან დაიწყება და გაცილებით ნაკლები ეღირება.
Apple-მა iPhone 8, iPhone 8+ და საიუბილეო iPhone X კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში 12 სექტემბერს წარადგინა.
iPhone 8 და iPhone 8+ ვიზუალურად iPhone 7-ის მსგავსია, რაც შეეხება iPhone X-ს, იგი განსხვავებულია. ამ მოდელის მთავარი ღირსება ე.წ. უსაზღვრო ეკრანია - all screen. ანუ, წინა პანელი მთლიანად ეკრანს უკავია.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ეკრანი მაღალი გარჩევადობითა და ფერთა ფართო გამით გამოირჩევა. ასევე, მას აქვს სახის სკანერი, თუმცა აღარ აქვს თითის სკანერი.
რაც შეეხება ფასებს, აშშ-ში iPhone 8 699 დოლარი ეღირება, iPhone 8+ - 799 დოლარი, ხოლო iPhone X- 999 დოლარი.