1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესი, რომლის თანახმადაც გარკვეულწილად მკაცრდება ადმინისტრირება, თუმცა მეორე მხრივ, გვაქვს ლიბერალური მიდგომები , - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა საგზაო უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებული კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო ეტაპობრივად ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობას, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული.
შალვა ხუციშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის კონფერენციები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შესაბამის დონეზე კი მოსაზრებების გაცვლა, რაც საბოლოო ჯამში დადებით შედეგს იძლევა.
“მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და ასეთი ფართო დისკუსია გვაძლევს საშუალებას, ღიად ვისაუბროთ პრობლემებზე. რაც შეეხება რეფორმებს, 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესი, რომლის თანახმადაც გარკვეულწილად მკაცრდება ადმინისტრირება, თუმცა მეორე მხრივ, გვაქვს ლიბერალური მიდგომები. კერძოდ, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა შეღავათებით. რაც შეეხება ჭკვიან კამერებს, მათი დამონტაჟება გრძელდება, ამ ეტაპზე თბილისში დაახლოებით ასი კამერაა დამონტაჟებული და ვმუშაობთ, რომ სხვა დიდ ქალაქებში წლის ბოლომდე მოხდეს კამერების დამონტაჟება”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდინარე კონფერენციას ესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებიან თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია და თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე, რომლებიც თავიანთ ხედვებს წარმოადგენენ. ისინი მოისმენენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც სხვადასხვა უწყებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ექნებათ.