"აუცილებელია საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდეს"

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი მაიკლ ქაუგილი საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის.

ქაუგილი თავის სტატიაში, რომელიც ამერიკულ გამოცემაში The Hill გავრცელდა, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე საუბრობს.

„საქართველო პატარა ევროპული ქვეყანაა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, ევროპის ყველაზე მაღალი მთების გასწვრივაა განლაგებული. რეგიონში, რომლის მიმართაც ამერიკის უსაფრთხოების და კომერციული ინტერესი არის ძლიერი და კიდევ იზრდება, ეს ქვეყანა წარმატების მცირერიცხოვან მაგალითებს შორისაა. საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად, შემდეგ ნაბიჯს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს. ეს დოკუმენტი საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას გააძლიერებდა, ხოლო ამერიკულ კომპანიებს ევრაზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროკავშირისაკენ მიმავალ ახალ და დინამიკურ გზას შესთავაზებდა.

დიდწილად, კონგრესის ორპარტიული და აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერის გამო, საქართველო წარმატებებს აღწევს. USAID, OPIC, ათასწლეულის გამოწვევა და სახელმწიფო, ვაჭრობის და თავდაცვის დეპარტამენტები ამ წარმატებაში საკუთარი წვლილის შეტანას განაგრძობენ. ამან ხელი შეუწყო თავისუფალი ბაზრისათვის საჭირო ეკონომიკური რეფორმების გატარებასა და დივერსიფიკაციას და დემოკრატიული გარემოს გაუმჯოსებას, რომელთა წყალობითაც ამ ქვეყნის უაღრესად განათლებული მოსახლეობა საკუთარ ნიჭსა და სამეწარმეო ინსტინქტებს ავლენს.

გონივრული პოლიტიკა, ექსპორტი, ტურიზმი, ინვესტიცია და თავდადება, ქვეყანა გახდეს რეგიონის სავაჭრო ცენტრი, ამ წარმატების მამოძრავებელი ძალაა. ამავდროულად, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ლოჯისტიკის დივერსიფიკაცია და ბიზნეს პროცესები ზრდის შთამბეჭდავ პოტენციალს გვთავაზობს.

შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს წლიური ზრდის მონაცემები ხელახლა შეფასა და 4.3% განსაზღვრა, რაც ძალიან რეალური პერსპექტივაა და რეგიონის საშუალო მაჩვენებელს ორმაგად აღემატება. „მუდის“ (Moody’s) მონაცემებით, ორგანიზაცია დარწმუნებულია საქართველოს პოტენციალში, რის შედეგადაც ქვეყანა ადგილობრივი და უცხოური ვალუტის გამცემთა რეიტინგში Ba3 პოზიციიდან Ba2-ზე დააწინაურა, რაც ერთი საფეხურით აშორებს ინვესტიციებისთვის იდეალური გარემოს მქონე კატეგორიას.

ეს წინსვლა იმ მრავალწლიანი რეფორმების შედეგია, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. სულ ახლახანს, პროცესი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წამოწყებული ოთხპუნქტიანი სტრატეგიით გაგრძელდა. დოკუმენტი საგადასახადო კანონმდებლობის მოდიფიცირების გზით მიზნად ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას ისახავს. ეს ცვლილებები ბიზნეს სექტორის უდიდეს ნაწილზე დადებითად აისახება, გამართავს ეფექტურობაზე ორიენტირებულ მმართველობით სისტემას, აჩქარებს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების ტემპს და ინვესტირების მთავარ სამიზნედ განათლებასა და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ათვისებას აქცევს. საქართველოს აქვს ბიზნესზე ორიენტირებული, სანდო და წინასწარ პროგნოზირებადი ბიზნეს გარემო მთელ რეგიონში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, საგადასახადო ტვირთის მიხედვით, საქართველოს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი მსოფლიოში მეცხრე ადგილს იკავებს. ეს ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისათვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა“, - წერს მაიკლ ქაუგილი.

ის ასევე, აბრეშუმის გზის ეფექტურობაზე ამახვილებს ყურადღებას და ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივებზე საუბრობს.

„საქართველო ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში ვაჭრობის რეგიონალური ცენტრის ადგილს იკავებს. მისი სახმელეთო კავშირი ჩინეთთან 10 დღეზე ნაკლებ დროს მოითხოვს, ხოლო გზას ევროპის ნებისმიერ წერტილამდე 4 დღეზე მეტი დრო არ დასჭირდება. შავი ზღვის ახალი ღრმაწყლოვანი პორტი ამ კავშირს კიდევ უფრო გააძლიერებს - ობიექტს 100 მილიონამდე ტონა ტვირთისა და უდიდესი საკონტეინერო გემების მიღების შესაძლებლობა ექნება. ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც 2.5 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული, ამერიკული და ქართული კომპანიების ამბიციურ წამოწყებას წარმოადგენს და მომავალში, ამერიკული კომპანიის მიერ იქნება მართული.

ამჟამად საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული, ხოლო მის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან, დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან და მათ შორის რუსეთის ფედერაციასთანაც. საქართველომ სულ ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი თავისუფალი ვაჭრობის ექსკლუზიურ შეთანხმებას ჩინეთთან, რომელსაც საოცარი გავლენა აქვს საქართველოს საექსპორტო ბაზრებზე და ქმნის შესაძლებლობას, რომელმაც ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მქონე და ევრაზიის ახალი აბრეშუმის გზის გასწვრივ განლაგებულ პატარა ქვეყანას შესაშური პოზიცია შეუძლია შეუქმნას. ჯამში, საქართველოს ორ მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზარზე აქვს თავისუფალი წვდომა.

საქართველოს ინფრასტრუქტურული განვითარება, თავის მხრივ, უზარმაზარ ბიზნეს შესაძლებლობებს შექმნის. საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა 4.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყების შესახებ, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის მანძილზე გაგრძელდება, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის დარგებში გაუმჯობესების შეტანა უკვე მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

აშშ-ს უმსხვილესი კომპანიები, როგორიცაა საინჟინრო და მშენებლობის დარგში მოქმედი AECOM და მშენებლობისა და აღჭურვილობის სფეროში მოქმედი General Electric უკვე სარგებლობენ საქართველოში არსებული შესაძლებლობებით. სხვა ამერიკული კომპანიები მრავალი წლის მანძილზე ახორციელებენ ინვესტიციებს ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, საინფორმაცო ტექნოლოგიების, ენერგოპროდუქტების (ჰიდრო, ქარისა და მზის) და სხვა სფეროებში. თუმცა ქართული ბაზარი ამერიკული კომპანიებისთვის ჯერაც უცნობია.

ამის გამოსასწორებლად და ამერიკული კომპანიების მიერ შესაძლებლობების უკეთ ასათვისებლად, აუცილებელია საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს შეთანხმება ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს.

როგორც ვნახეთ, ამერიკის მიერ ჩილესა და სინგაპურთან გაფორმებულმა შეთანხმებებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, მნიშვნელოვნად გაზარდა ექსპორტი და მთლიანი ვაჭრობა, ხოლო აშშ კომპანიებს მიეცა საყრდენი ახალ ბაზრებზე შესასვლელად და საკუთარი წარმოებების ამ რეგიონებში გასაფართოებლად. საქართველოს მოსახლეობა განათლებულია და დასავლური ორიენტაცია გააჩნია, წარმოადგენს ევროპასთან, ევრაზიასთან, ახლო აღმოსავლეთსა და აზიასთან წვდომის იაფ და დაბალი გადასახების მქონე წერტილს. მრავალი ამერიკული კომპანიისათვის ამ ქვეყანასაც შეუძლია საწყისი საყრდენის შექმნა.

საქართველოსა და აშშ-ს შორის კავშირი დასაწყისში თავისუფლების პრინციპისადმი ერთგულებასა და მისი ევროპული საზღვრის გასწვრივ არსებულ მზარდ გეოპოლიტიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე იდგა. ამჟამად ამას კომერციული და სავაჭრო ინტერესები კიდევ უფრო აძლიერებს. შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი ამ პოზიტიურ პროცესში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იქნება, რომელიც ამერიკელ ინვესტორებს მზარდ და დატვირთულ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას მისცემს. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ორივე ქვეყნის ეკონომიკისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - წერს მაიკლ ქაუგილი.