საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის მაიკლ ქაუგილის საავტორო პუბლიკაციაზე, რომელიც ამერიკულ გამოცემაში Thi Hill გამოქვეყნდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ კომენტარი გააკეთა.
მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმებისა და ბიზნესგარემოს შეფასება ხდება არამხოლოდ მთავრობის, არამედ დამოუკიდებელი მხარის მიერ და ეს განსაკუთრებით მისასალმებელია.
„გამოქვეყნებულ სტატიაში მაიკლ ქაუგილი დადებითად აფასებს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს. განსაკუთრებით მისასალმებელია, როდესაც ასეთი შეფასება ხორციელდება არამხოლოდ მთავრობის, არამედ დამოუკიდებელი მხარის მიერ. ნამდვილად დადებითია ეკონომიკური ტენდენციები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ამას ადასტურებს დღეს გამოქვეყნებული მონაცემებიც, რომლის მიხედვით, 2017 წლის 9 თვის წინასწარი მონაცემებით საშუალო ეკონომიკური ზრდა 4.7%-ია, ხოლო მხოლოდ სექტემბრის მაჩვენებლებით გვაქვს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
მისივე შეფასებით, ამერიკა საქართველოს სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია, შესაბამისად, ამერიკასთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ფარგლებში საქართველოს მთავრობა მუდმივ რეჟიმში, თანმიმდევრულად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკულ გამოცემაში Thi Hill გამოქვეყნებულ საავტორო პუბლიკაციაში (http://thehill.com/opinion/finance/357609-the-new-silk-road-the-us-needs-a-free-trade-deal-with-georgia) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითოდ წარმატებული სახელმწიფოა, სადაც აშშ-ის ინტერესები დიდი და მზარდია. ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს მოიხსენიებს, როგორც რეგიონში წარმატების მაგალითს, ამ წარმატების საფუძვლად და მამოძრავებელ ძალად კი გონივრულ პოლიტიკას, ექსპორტს, ტურიზმს, ინვესტიციებსა და თავდაუზოგავ მონდომებას ასახელებს, რაც მისი თქმით, მიზნად ისახავს ქვეყნის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას.
მაიკლ ქაუგილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობის მოდიფიცირება და რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები ბიზნესსექტორის უდიდეს ნაწილზე დადებითად აისახება, ემსახურება ეფექტურობაზე ორიენტირებულ მმართველობითი სისტემის გამართვას, აჩქარებს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების ტემპს და ინვესტირების მთავარ სამიზნედ განათლებასა და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ათვისებას აქცევს.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ურთიერთობების გაღრმავებისთვის შემდეგი ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა, რაც გაამყარებდა საქართველოს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, ხოლო ამერიკულ კომპანიებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროკავშირში მიმავალ ახალ, დინამიურ გზას გაუხსნიდა.